ლონდონის “ჩელსი” მილანის “ინტერისა” და არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის მოლაპარაკებებს თვალყურს ადევნებს და მის შედეგებს ელოდება.
ჟოზე მოურინიო 22 წლის სამხრეთამერიკელის შეძენითაა დაინტერესებული, მაგრამ ინგლისური კლუბი იტალიელებს ოფიციალური წინადადები იქამდე არ მიმართავს, სანამ იკარდი “ინტერს” ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს არ გასცემს.
ბრიტანული გამოცემა The London Evening Standard-ის ცნობით, თუ მაურო მილანელებთან კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა, მაშინ “ჩელსი” მის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქას გადაიხდის და თავად ფეხბურთელსაც ახლანდელზე მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებს.
იკარდიმ განაცხადა, რომ გარემოს კარდინალურად შეცვლა არ სურს და იტალიაში დარჩება, მაგრამ პრესის მტკიცებით, კლუბისა და მოთამაშის საკონტრაქტო პირობები ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან.
“ჩელსი” უკვე დიდი ხანია ახალ ფორვარდს ეძებს და იკარდის გარდა ანტუან გრიზმანისა (“ატლეტიკო”) და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ალექსანდრ ლაკაზეტის (“ლიონი”) კანდიდატურებს განიხილავს.







