ფეხბურთი

16:49 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარიგებულ მატჩებში ბრალდებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თამაშების” ჩაწყობაში 8 ბრალდებულს პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

დაკავებულ ფეხბურთელებს გირაოს სახით 10000-10000 ლარი განესაზღვრათ, დავით გენძეხაძესა და ომარ ნაკაძიეს 20000-20000 ლარი, ხოლო ოთარ შენგელიას 15000 ლარია.

საჩხერის “ჩხერიმელას” ფეხბურთელები თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე გარიგებულ მატჩებში თავის მონაწილეობას აღიარებენ. ამის შესახებ დაკავებული მოთამაშეების ადვოკატმა თეიმურაზ ბერიძემ განაცხადა.

საფეხბურთო კლუბ თბილისის სტუ-ს პრეზიდენტი ოთარ შენგელია ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ის თამაში, რომელზეც შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებშია საუბარი, სპორტული თვალსაზრისით ნამდვილად “სუფთად” ჩატარდა.

თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს დავით გენძეხაძეც, რომლის თქმით არცერთ გუნდთან თამაშის “ჩაწყობის” მიზნით არ მისულა და ამის გადამოწმება შესაძლებელია.

მათ მსგავსად, ბრალი არც იოსებ გიოშვილმა და გიორგი კუხალაშვილმა აღიარეს.

გირაოს გადახდის შემდეგ ბრალდებულები გათავისუფლდებიან. პროკურატურა რვავე დაკავებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მატჩების “ჩაწყობისთვის” 8 პირი დააკავა და ამის შესახებ ასეთი განცხადება გაავრცელა:

“საფეხბურთო კლუბ “სტუ თბილისის” პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის ibcbet-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის “ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ”.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096795