“გალათასარაის” საყრდენი ნახევარმცველი ფელიპე მელო სტამბოლში შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს.
31 წლის ფეხბურთელი თურქულ გრანდში 2011 წლიდან თამაშობს. პირველი სეზონი მან “გალათასარაიში” განათხოვრების წესით გაატარა, რის შემდეგაც “ლომებმა” მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. ამ პერიოდში ის გუნდის ლიდერად იქცა.
მელოს მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ, მომავალ ზაფხულში გასდის, მაგრამ სტამბოლელებს მისი შენარჩუნება სურთ. ამ მიმართულებით სულ მალე პირველი ნაბიჯებიც გადაიდგმება და turkish-football-ის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “გალათასარაი” მელოს შეთანხმების ორი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თურქული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ერთად 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეხბურთელმა, რომელსაც ტურინში სახლი აქვს, იტალიის სერია A-ში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.







