ივანწმინდაში ჩასატარებელ პაექრობაში მოტივაციის თვალსაზრისით საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელები უნდა გამორჩეულიყვნენ, რადგანაც ზემო იმერლებს მიზერული შანსი გააჩნიათ ევროსარბიელზე გასასვლელად, ხოლო ლანჩხუთელები მყარად არიან სატურნირო ცხრილის შუაგულში და მათ პროგრამა-მინიმუმი – უმაღლეს ჯგუფში დარჩენა გარანტირებული აქვთ. მიუხედავად ამისა, გურულებმა გასულ ტურში დაგვანახეს, რომ ისინი მოდუნებას არ აპირებენ და ზედა ნაწილში დასამკვიდრებლად მებრძოლ “სამტრედიას’ სერიოზული მარცხი აწვნიეს. ამას დავამატოთ ისიც, რომ ბოლო პერიოდში “ჩიხურა” არც თუ ისე დამაჯერებლკად გამოდიოდა და საჩხერლებს ხშირად არც ფორტუნა უღიმოდათ. ამ ყველაფრის შესაბამისად მატჩი ივანწმინდას “ცენტრალურზე” საინტერესო უნდა გამომდგარიყო.
შეხვედრამ მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა. ამ მატჩშიც მშვენივრად გამოჩნდა, რომ ზემო იმერთათვის სერიოზული პრობლემა გახლავთ საგოლე მომენტების რეალიზება. სადებიუტო წუთებში “ჩიხურას” ფეხბურთელებს მინიმუმ ორჯერ შეეძლოთ ეხეირათ. პირველად დობროვოლსკის დარტყმულია აღსანიშნავი, რომელიც ერთერთი ლანჩხუთელი მცველისაგან ხარიხას მოხვდა, ხოლო სულ მალე დენისი ასისტენტად მოგვევლინა კორიფაძეზე, რომელმაც მეკარის გაცურება ვერ შეძლო და შანსი დეკანოიძეს მიეცა, მაგრამ მასპინძელთა გარემარბის დარტყმული “გურიას” მცველებმა გამოიტანეს.
საწყისი წუთებიდან მოპოვებული სათამაშო უპირატესობა საჩხერლებს ხელიდან არ გაუშვიათ. 26-ე წუთზე მათი დამრიგებელი სოსო ფრუიძე იძულებული გახდა შეცვლისათვის მიემართა, რადგანაც ტრამვა მიიღო შოთა კაშიამ, რომელიც მინდორს სულ ახლახანს დაუბრუნდა. კაშიას ნაცვლად მოედანზე დავით ოდიკაძე გამოვიდა. 29-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს უხეშად შეცდა ჭეიშვილი და სარდალიშვილს კარგი შანსი მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა სიზუსტეზე გათვლილი დარტყმა ვერ მოზომა. “ჩიხურამ” პირველი გოლი 33-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მათი ტანმაღალი ფორვარდი ლაშა კუჭუხიძე ჩინებულად გაისარჯა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაჰკრა. ბურთი სველ მოედანზე ისე წავიდა, რომ გურულთა კარის დარაჯმა ვერაფერი მოუხერხა და მასპინძლები დაწინაურდნენ – 1:0. დაწინაურებიდან დიდი დრო არ გასულა, როდესაც ჭეიშვილმა საკუთარ საჯარიმოში აკრძალული ილეთით თეიმურაზ ღონღაძე შეაჩერა და არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. ოდიკაძემ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა და ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0. ტაიმის მიწურულს საჩხერლებს კიდევ შეეძლოთ ეხეირათ, მაგრამ სახიფათო მომენტები გაანიავეს.
თამაშის განახლების შემდეგ სათამაშო სურათი მოედანზე არ შეცვლილა. მასპინძლები ისევ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ. სარდალიშვილს, დობროვოლსკის და დეკანოიძეს თავის გამოჩენის შანსი არაერთხელ მიეცათ, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმები ფეხბურთელებს არ გამოდიოდათ. ამის გამო საჩხერლები კინაღამ დაისაჯნენ, როდესაც დობროვოლსკის წამიერი უყურადღებობით კოშკაძემ ისარგებლა და ქვილითაიასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კიპერმა თავი გამოიჩინა და შემტევს არ გაატანინა. კოშკაძემ მეკარის გაცურება და მოტყუება ცადა, მაგრამ მაქსიმემ ყველაფერი იღონა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.
67-ე წუთზე “ჩიხურამ” მეორედ მიიღო თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება, ამჯერად მუმლაძის წაქცევისათვის, თუმცა შორიდან გოგიაშვილი მიერ წესების დარღვევა თითქმის არ ჩანდა. საჩხერელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ ამჯერად უზუსტოდ დაარტყა და ანგარიში შეხვედრაში ვეღარ შეცვალა. ისე დათოს მალევე შეეძლო თავისი შეცდომის გამოსწორება, მაგრამ მისი დარტყმული თებიძემ თავგანწირულ ნახტომში მოიგერია. დამატებაზე მუმლაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ თორნიკეს სიზუსტემ უმტყუნა. ცოტა ხანში მასპინძლები, კერძოდ კი ბაჯელიძე შეცდა და ისიანს მიეცა ხელსაყრელი მდგომარეობა, მაგრამ მისი დარტყმული ქვილითაიამ ბრწყინვალე რეაქციის წყალობით გააუვნებელყო.
არბიტრის მიერ კომპესირებულ დროში კი გურულებმა ერთი გოლის გატანა მაინც შეძლეს. კოშკაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზოზულიამ ბურთს თავი დროულად დაუხვედრა და ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახადა. დარჩენილ დროში გუნდებს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემიათ.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): “მთელი სეზონია საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა გვაქვს, რაც დღეს ნათლად გამოჩნდა. ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია. მეტოქე შედარებით ნაკლებმოტივირებული ჩანდა, რადგანაც “გურიას” თავისი საქმე გაკეთებული აქვს”.
გია ჩხაიძე (“გურია”): “თამაშები ყოველ ოთხ დღეში გვიტარდება და დღეს ძალები არ გვეყო. წინა ტურში “სამტრედიასთან” მძიმე შეხვედრა გვქონდა. საჩხერეში დღეს ჩამოვედით და ამან გარკვეული როლი ჩვენს დაღლილობაში შეიტანა”.
“ჩიხურა” – “გურია” 2:1 (2:0)
9 მაისი. 17:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 100 მაყურებელი
“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია (ოდიკაძე, 26), ლუბჩაკი, დეკანოიძე (ტროიანოვსკი, 83), განუგრავა, კორიფაძე, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი (მუმლაძე, 66), კუჭუხიძე, ღონღაძე, ბაჯელიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“გურია”: თებიძე, ჭეიშვილი, გოგიაშვილი, კილაძე, ბენაშვილი, ზოზულია, კოშკაძე, ინგოროყვა (ღაღანიძე, 46), მოსიაშვილი (შეველი, 55), ისიანი (მათიაშვილი, 90), შალამბერიძე.
მთავარი მწვრთნელი: გია ჩხაიძე
გოლი: 1:0 კუჭუხიძე (33), 2:0 ოდიკაძე (36, პენალტით), 2:1 ზოზულია (90).
67-ე წუთზე ოდიკაძემ ვერ გამოიყენა პენალტი
გაფრთხილება: კილაძე (16), გოგიაშვილი (67), მუმლაძე (85)
არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)
გიორგი წურწუმია საჩხერიდან







