ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ნინო ბაციაშვილმა. რუსეთის წარმომადგენელ ანასტასია სავინასთან დაპირისპირება ბათუმელ დიდოსტატს ძველინდურ დაცვაში მოუწია. მეტოქეებმა ჯერ კიდევ დებიუტში გაცვალეს ლაზიერები, ნინომ მცირე უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა ზუსტი თამაშით და საჭირო გამარჯვებაც მოიპოვა.
დაძაბულ-დრამატულ რეჟიმში მიმდინარეობდა ქართული ჭადრაკის ლიდერის ნანა ძაგნიძის შეხვედრა გამოცდილ, სომეხ დიდოსტატ ელინა დანიელიანთან. უარეს ენდშპილში ძაგნიძემ ეფექტური ეტლის შეწირვით მუდმივი ქიში გამოუცხადა მეტოქეს და ფრედ დაასრულა შეხვედრა.
ფრედ დასრულდა ლელა ჯავახიშვილის და ვლადა სვირიდოვას შეხვედრაც. მეტოქეებმა ორივე ფერით უპრეტენზიო ახალინდური დაცვა ითამაშეს და დიდი გაწამაწიის გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს მშვიდობიანად.
პირველ ტურში მცირე წაფორხილების შემდეგ ორივე პარტია მოიგეს და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდნენ ბელა ხოტენაშვილი და ნინო ხურციძე.
ამრიგად, სამი ტურის შემდეგ კონტინენტის პირველობას ოთხეული ლიდერობს:
ბაციაშვილი, მიქაელა სანდუ (რუმინეთი; 2300), ოლგა გირია (რუსეთი; 2479) და ალინა კაშლინსკაია (რუსეთი; 2423).
მეწინავეთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ძაგნიძე, ჯავახიშვილი, ხურციძე და ხოტენაშვილი.
შემდეგ ტურში ცენტრალური ლიდერთა ოთხეულის შეხვედრები იქნება:გირია სანდუს დაუპირისპირდება, ხოლო ბაციაშვილი შავი ფერის ფიგურებით კაშლინსკაიას შეებრძოლება.
კონტინენტის რიგით მე-16 ჩემპიონატი (საპრიზო ფონდით 60 000 ევრო) შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და 31 მაისამდე გასტანს.თამაშები ყოველდღე 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო 26 მაისს მონაწილეები დაისვენებენ.
gcf.org.ge









