თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-6 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფში მესამეადგილოსან “უნიკახას” ეთამაშება.
ბასკურმა კლუბმა დასკვნითი მატჩი უმოტივაციო “ობრადოიროსთან” ჩაატარა და მასპინძლებს 81:74 სძლია. ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი სწორედ მისი შემცვლელი – ფრანგი კიმ ტილი გახდა, რომელმაც 26:34 წუთში 22 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
შენგელიამ მოედანზე 14:12 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 5 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
მალაგელებთან მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება და მოედნის უპირატესობა “უნიკახას” მხარეს იქნება. პირველი მატჩი 28 მაისს შედგება.







