2015 წლის კოპა ლიბერტადორესზე მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა და ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა “კრუზეიროსა” და “რივერ პლეიტის” მატჩში დაფიქსირდა. არგენტინელებმა პირველი მატჩი შინ ანგარიშით 0:1 დათმეს, 28 მაისს კი ბრაზილიაში 3:0 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. “რივერიდან” თავი ჯონათან რამონ მაიდანამ, კარლოს სანჩესმა და ტეოფილო გუტიერესმა გამოიჩინეს.
არგენტინული გრანდის მეტოქე ნახევარფინალში “გუარანი” იქნება. პარაგვაიელებმა განმეორებითი შეხვედრა დიეგო მილიტოს გუნდ “რასინგთან” სტუმრად ფრედ 0:0 დაასრულეს და ვინაიდან პირველი მატჩი შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში “რასინგი” უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა. 44 წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. “გუარანის” ფეხბურთელმა ბენიტესმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტის რეალიზება ვერ მოახდინა.
“ინტერნასიონალმა” მძიმე ბრძოლა გადაიტანა “სანტა ფესთან”. კოლუმბიელებმა პირველი შეხვედრა 1:0 მოიგეს. ბრაზილიაში გამართული შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე მასპინძლები ხუანმა დააწინაურა. მეორე გოლი საკუთარ კარში 88-ე პერლაზამ ჩაჭრა და ნახევარფინალში ბრაზილიელები გავიდნენ. საბოლოო “სანტა ფეს” ფეხბურთელებმა სამი წითელი ბარათი მიიღეს.
“ინტერნასიონალი” ნახევარფინალში “ტიგრესს” დაუპირისპირდება. მექსიკელებმა “ემელეკი” შინ 2:0 დაამარცხეს. მე-6 წუთზე თავი რივასმა გამოიჩინა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ორი მატჩის ჯამში 1:1 გახლდათ და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდოდა, რაფაელ სობის მე-80 წუთზე გოლი რომ ვერ გაეტანა. ბრაზილიელის გოლმა მექსიკელები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
ნახევარფინალური მატჩები 15 და 22 ივლისს გაიმართება. ჩილეში 11 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით კოპა ამერიკის ტურნირი უნდა ჩატარდეს და ამიტომაც ექნება სამხრეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირს დიდხნიანი პაუზა.







