ჭადრაკი

11:16 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

სამწუხაროდ, ბოლოსწინა მეათე ტურში ევროპის ქალ მოჭადრაკეთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ლიდერთა შორის მყოფ ქართველ მოჭადრაკეებს არ გაუმართლათ. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელი საერთაშორისო დიდოსტატი, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ნატალია ჟუკოვა ამ ტურნირზე ქართველ მოჭადრაკეებს ერთგვარ რისხვად მოევლინა. ამ ტურში მან შავებით, ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ნინო ბაციაშვილს მოუგო, ლიდერობა დააკარგვინა თვითონ კი ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ბაციაშვილამდე მეცხრე ტურში ჟუკოვამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბელა ხოტენაშვილი დაამარცხა, რომელიც ამ ჩემპიონატის რეიტინგ-ფავორიტია.

ასევე არ გაუმართლა ამ ტურნირის მონაწილე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრ სალომე მელიას, რომელიც შავებით სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრ ელინა დანიელიანთან დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საპრიზო ადგილის აღების თეორიული შანსიც კი დაკარგა.

ამრიგად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ასპარეზობას 8.5 ქულით ჟოკოვა ლიდერობს, რომელსაც ბაციაშვილი ნახევარი ქულით ჩამორჩება. 7.5 ქულით მესამე ადგილზე დანიელიანი იმყოფება. 7-7 ქულა აქვს 6 მოჭადრაკეს, რომლებიც მე-4-მე-9 ადგილებს ინაწილებენ, ესენი არიანი: გირია, გუსევა, სოსკო, კაპონენკო, კაჟლინსკაია და გარიაჩკინა. ეს უკანასკნელი ბოლო ტურში თეთრებით ბაციაშვილს ეთამაშება. რაც შეეხება ჟუკოვას, მისი მეტოქე დანიელიანი იქნება. მთელმა საქართველომ დანიელიანს უნდა უგულშემატკივროს, რათა მისი გამარჯვებისა და ბაციაშვილის წარმატების შემთხვევაში ქართველმა მოჭადრაკემ ამ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095197