სრულდება ქალ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც დაბა ჩაქვი მასპინძლობს.
მართალია, ბოლო მე-11 ტური ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ცნობილია პრიზიორთა ვინაობა. ბოლო შეხვედრებში შესანიშნავად მოთამაშე უკრაინელმა ნატალია ჟუკოვამ ამჯერად თეთრებით ელინა დანიელიანი (სომხეთი) დაამარცხა, 9.5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ ჟუკოვასთვის საქართველო ფეხბედნიერი ადგილია. იგი სულ 2-ჯერ იყო ევროპის ჩემპიონი, ამის გაკეთება ორივეჯერ საქართველოში მოახერხა. პირველად მან ევროპის ჩემპიონატი პირველ გათამაშებაში მოიგო, რომელსაც 2000 წელს ბათუმმა უმასპინძლა.
მეორე ადგილზე 9 ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი გავიდა. მართალია, მან ბოლო ტურში შავებით ალექსანდრა გორიაჩკინა დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 8 ქულით მესამე ადგილი ალინა კაშლინსკაიამ დაიკავა.
დაწვრილებით ინფორმაციას აღნიშნული ტურნირის შესახებ დღევანდელი ტურის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.







