საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს 9 ივნისს ავსტრიაში უკრაინის ნაკრებთან გასამართ სპარინგში და 13 ივნისს ვარშავაში ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში პოლონეთთან მატჩში, კაპიტანი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ვერ დაეხმარებიან. პირველი მათგანი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მეორე ტრავმირებულია.
ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს კიდევ ერთი ასისტენტი ეყოლობა. გადაწყვეტილია, რომ მას ზაქათალას “სიმურგის” ყოფილი თავკაცი გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება. ცხადაძესა და ჩიხრაძეს ერთად ბაქოს “ინტერში” უმუშავიათ. აქამდე, ნაკრების თავკაცის შტაბში გია ცეცაძე, მილოშ ევტიჩი და მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე შედიოდნენ.
ცხადაძის 23-კაციან სიაში თბილისის “დინამოს” მცველი ლაშა თოთაძე მოხვდა. 2 ივნისს გვიან ღამე ავსტრიაში შეკრებაზე თბილისიდან 17 ფეხბურთელი გაემგზავრა. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ლევან ყენია და მათე ვაწაძე ნაკრებს ავსტრიაში დაემატებიან.
მომავალი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე („დინამო“, საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია“, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი).
კანკავას არყოფნის თაობაზე კახა ცხადაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჩვენ გვინდოდა, რომ ჯაბა ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. მოგეხსენებათ, კაპიტანი პოლონეთთან თამაშს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს. ამიტომ, უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვა ფეხბურთელებს გამოვცდით, რომლებიც უკვე მატჩიდან ოთხ დღეში მონაწილეობას ოფიციალურ თამაშში მიიღებენ. ჯაბას არყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ამხანაგურ თამაშში უმჯობესი იქნებოდა, ის ფეხბურთელები გამოგვეცადა მის პოზიციაზე, რომლებმაც მოგვიანებით უკვე პოლონეთთან უნდა ითამაშონ”.
საქართველო-უკრაინის მატჩი 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში ჩატარდება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 13 ივნისს ვარშავაში პოლონეთი-საქართველოს შეხვედრა სტარტს 20:00 საათზე აიღებს.









