საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ესპანეთთან და პორტუგალიასთან წაგების შემდეგ, დასკვნითი შეხვედრაში თურქებს აჯობა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ლუკა ზარანდიასა და აკაკი შულაიას დისკვალიფიკაციის გამო, პორტუგალიასთან მატჩთან შედარებით დევდარიანმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. კერძოდ, სასტარტოში ილია კერძევაძე, ლადო მოხევიშვილი-ჩიკვილაძე და მათე კვირკვია მოხვდნენ.
მატჩის დებიუტში გიორგი ხარაიშვილმა ბურთი თავის ნახევრიდან წამოიღო, ორ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან არაზუსტად დაარტყა. საპასუხო იერიშის დროს, მეტოქის საჯარიმოში აღმოჩენილმა ოქუტანმა მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ჰუმეთმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და ოთო გოშაძის მიერ მოგერიებულ ბურთს ქართველების კარის წინ მდგომმა კოსემ თავით სუსტად დაამატა, რის გამოც, ტურნირის მასპინძელთა გოლკიპერს პრობლემა არ შექმნია.
ტაიმის შუაწელში მეტოქის ნახევარზე გიორგი გოშთელიანმა ორ თურქს გვერდი აუარა და კარგი პასი მისცა გიორგი ბერიძეს, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარში ჩაგლარმა არ დაარტყმევინა, რომელიც ქართველს ფეხებში ჩაუვარდა.
თურქებმა მოწინააღდეგეს მწვავე იერიშით უპასუხეს, მარცხნიდან მეტეს გადაცემის შემდეგ, ოქუტანმა ქართველების საჯარიმოში ბურთი მიიღო და შემოტრიალებით სახიფათოდ დაარტყა, თუმცა გოშაძემ არ გაატანინა.
ვედათ ინსეფის შეგირდებს არც ტურნირის მასპინძლები ჩამორჩნენ და ჯერ ხარაიშვილის პასის მერე ბერიძემ სუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ მათე კვირკვიამ მარცხნიდან ჩააწოდა და უგურჩანს რომ არ ეყოჩაღა ჩაგლარი ავტოგოლს მიითვლიდა.
მცირე ხანში, შორი მანძილიდან ხარაიშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, თურქების მეკარემ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე შეინარჩუნა.
თურქების პასუხმა ისევ არ დააყოვნა და “ჯარიმიდან” უნდერის ჩაწოდების შემდეგ, აითემერმა თავი დაარტყა და ბურთი კინაღამ კარში ჩაეშვა.
მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ამჯერად, ჯემალ ტაბიძის დიაგონალური პასის მერე, ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ხარაიშვილს “დაუგდო”, რომელმაც “ცაციათი” მიზანს ააცილა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლადო მოხევიშვილი-ჩიკვილაძის დაწყებული კომბინაცია კიტეიშვილმა გააგრძელა, რომელმაც დასარტყმელ პოზიციაზე ბერიძე გაიყვანა, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა შანსი ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ხელიდან უნდერმა არ გაუშვა, რომელმაც გოშაძის მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან დაამატა და ანგარიში გახსნა – 1:0.
მატჩში ანგარიში მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი თევზაძემ გაათანაბრა, რომელსაც ბურთი მეტოქის ფეხიდან მიუვიდა და თურქების საჯარიმოში მყოფმა “ცაციათი” შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა – 1:1.
გაშვებული გოლიდან მოკლე ხანში თურქებმა მეტოქეს სახიფათოდ შეუტიეს და ჰუმეთის დარტყმული ბურთი გოშაძემ კუთხურზე მოიგერია.
შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, თურქების მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ქართველების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა კოსემ ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ხელიდან გაუშვა – ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
მატჩის მიწურულს თურქების საჯარიმოში გოშთელიანი-ჭანტურია-გოშთელიანის სამსვლიანი ამ უკანასკნელმა გამარჯვების გოლით დაასრულა – 2:1.
თურქეთი – საქართველო 1:2 (1:0)
3 ივნისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
თურქეთი: უგურჩანი, მეტე, ჩაგლარი, ერდოღანი (კ), ოქუტანი (ილდირიმი, 65), ჩამოღლუ (ჩიველექი, 68), კოსე (თაში, 90), პოლატი, აუთემირი, უნდერი, ჰუმეთი.
მთავარი მწვრთნელი: ვედატ ინსეფი.
საქართველო: გოშაძე, მოხევიშვილი-ჩიკვილაძე (რომან ჭანტურია, 46), მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, კერძევაძე, გოშთელიანი, ბერიძე (დუმბაძე, 75), კვირკვია (თევზაძე, 54).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
გოლები: 1:0 უნდერი (42), 1:1 თევზაძე (58), 1:2 გოშთელიანი (87)
გაფრთხილება: ჩაგლარი (32), კოსე (47), კერძევაძე (79), პოლატი (65), ილდირიმი (90+2)
მთავარი მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)
| 1. | ესპანეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 13:1 | 9 | |
| 2. | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 9:7 | 6 | |
| 3. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 5:8 | 3 | |
| 4. | თურქეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 2:13 | 0 |









