სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბალკანელებმა ფინალში ტურნირის ფავორიტი ბრაზილია დამატებითი დროის ჩათვლით 2:1 დაამარცხეს (VIDEO).
შეხვედრაში უპირატესობას ბრაზილია ფლობდა, თუმცა სამხრეთამერიკელები მარცხს ვერ გადაურჩნენ. ანგარიში 70-ე წუთზე სერბული გუნდის “ჩუკარიჩკის” თავდამსხმელმა სტანიშა მანდიჩმა მაქსიმოვიჩის გადაცემის შემდეგ გახსნა. სამ წუთშივე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა ანდრეას პერეირამ ლამაზი სოლო რეიდის შედეგად გაიტანა.
მატჩი დამატებით დროში გადავიდა და შეხვედრის გმირი ყაზახური “ასტანას” ნახევარმცველი ნემანია მაქსიმოვიჩი გახდა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე “პარტიზანის” ნახევარმცველმა ანდრეა ზივკოვიჩმა მაქსიმოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც გულშემატკივრების გული გაახარა.
სერბეთმა აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო. იუგოსლავიამ 1987 წელს კი იმარჯვა, თუმცა ეს ქვეყანა კავშირი გახლდათ და სერბეთს ამ გამარჯვებას ვერ ჩავუთვლით.
მესამე ადგილისთვის აფრიკული დაპირისპირება შედგა და მალიმ მძიმე ბრძოლაში სენეგალი 3:1 დაამარცხა (VIDEO). მართალია მომავალი მესამეადგილოსანი 64-ე წუთზე იბრაჰიმა უაჯის გატანილი გოლით შეხვედრას აგებდა, თუმცა მალელთა ლიდერმა ადამა ტრაორემ 74-ე და 83-ე წუთებზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. მალელთა მხრიდან ფალაი საკომ 76-ე წუთზე, ხოლო სენეგალთაგან ელ ჰაჯი მალიკ ნიანგმა 86-ე წუთზე პენალტის რეალიზება ზუსტად ვერ შეძლეს, ხოლო საბოლოო ანგარიში დიადი სამასეკუმ მსაჯის მიერ დამატებულ დროში დააფიქსირა.
ბრაზილიის ნაკრებს შეეძლო ტურნირი მეექვსედ მოეგო და ყველაზე ტიტულოვან არგენტინას გათანაბრებოდა. “ალბისელესტე” 6-ჯერ გახდა ჩემპიონი, მეორეზე და მეოთხე ადგილებზე კი თითოჯერ გავიდა. ხოლო “სელესაო” 20-წლამდელთა ტურნირზე 5 ოქროს მედლის გარდა, 4 ვერცხლს და 3 ბრინჯაოს მედალს ფლობს. სენეგალი პირველად მოხვდა საუკეთესო ოთხეულში, ხოლო მალიმ უკვე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
ოქროს ბურთის მფლობელი ადამა ტრაორე გახდა, საუკეთესო ბომბარდირი – ვიქტორ კოვალენკო. უკრაინელმა ბენკე მერვოს მსგავსად 5 გოლი გაიტანა, თუმცა აქტივში 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა, უნგრელმა კი თანაგუნდელს ერთხელაც არ გაატანინა. ტურნირის საუკეთესო მეკარე სერბთა კაპიტანი პრედრაგ რაიკოვიჩი გახდა. ფეირპლეის პრინციპების საუკეთესო დამცველად კი უკრაინის გუნდი აღიარეს.
20-წლამდელთა მომდევნო, რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს სამხრეთ კორეაში გაიმართება.







