ჩეხეთში მიმდინარე 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. გერმანელმა ახალგაზრდებმა თანატოლი დანიელები 3:0 დაამარცხეს, ხოლო მასპინძელმა ჩეხეთმა სერბეთი 4:0 გაანადგურა.
გერმანელთაგან დუბლი “ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელმა კევინ ვოლანდმა 32-ე და 48-ე წუთებზე შეასრულა, ხოლო “დორტმუნდის” მცველმა მათიას გინტერმა 53-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (VIDEO).
მეორე შეხვედრა იან კლიმენტის ბენეფისად იქცა. ჩეხური “იჰლავას” 21 წლის ნახევარმცველმა ჰეთთრიკი შეასრულა. იანმა მე-7, 21-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო სერბეთის განადგურებას წერტილი 59-ე წუთზე “ლიბერეცის” მცველმა მარტინ ფრიდეკმა დაუსვა (VIDEO).
ამრიგად, გერმანიას ჯგუფში 4 ქულა მოუგროვდა. მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით დანია და ჩეხეთი იყოფენ. მასპინძლებმა დანიასთან პირველ ტურში 1:2 წააგეს და ბოლოსწინა ადგილზე არიან. სერბეთი კი ერთი ქულით ცხრილის ფსკერზე იმყოფება.







