დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა (CONIFA) ფეხბურთში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება აფხაზეთს მისცა. ამის შესახებ აღნიშნული კონფედერაციის ვებგვერდი იუწყება.
“ბედნიერი და ამაყი ვართ შეგატობინოთ, რომ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი აფხაზეთი იქნება. CONIFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მომდევნო ჩემპიონატი შავი ზღვის სანაპიროს ლამაზ ქვეყანა აფხაზეთში ჩაატაროს” – ნათქვამია ხსენებული კომიტეტის განცხადებაში.
დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაში არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციები შედიან. 2015 წლის 17-21 ივნისს ევროპის ჩემპიონატი უნგრეთში ჩატარდა, მაგრამ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებებს ვიზები არ მისცა. ამაში ე.წ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის “დინამოში” უთამაშია, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.
“უნგრეთის ხელისუფლებამ ჩვენ პოლიტიკური და დიპლომატიური სტრატეგიის მსხვერპლად გვაქცია, რომელსაც ჩვენ დროულად ვერ გავექეცით. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა დაგვშოკა, რომ არც ერთი მიზეზი არ დასახელებულა, რომლის გამო ვიზები არ გაიცა. გარდა ამისა, 2014 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გუნდებს შენგენის ვიზები მისცეს. მომხდარი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის თავისუფლად გადაადგილების უფლების მე-13 პუნქტს ეწინააღმდეგება” – იუწყება დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი.
კონფედერაციის დელეგაცია აფხაზეთში მომავალი ტურნირის დეტალების დასაზუსტებლად და შეთანხმებების ხელმოსაწერად ჩასვლას გეგმავს.
“აფხაზეთში ოფიციალურად როგორც კი მიგვიწვევენ და ქვეყნისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შეთანხდება, ჩვენი პრეზიდენტი სოხუმში სიხარულით ჩავა. იმ დღიდან კვირაში შვიდი დღე ვიმუშავებთ, რომ აფხაზეთი მსოფლიო რუქაზე ტურისტულ სამოთხედ და სპორტული მოვლენის მასპინძლად, ასევე, როგორც მშვიდობიან და საუცხოო საზოგადოებად წარმოვაჩინოთ, როგორსაც იგი დღეს წარმოადგენს” – განაცხადა CONIFA-მ .
დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წელს შეიქმნა. CONIFA იმ ქვეყნებსა და ავტონომიებს აერთიანებს, რომლებიც ოფიციალურად ფიფას შემადგენლობაში არ მიიღეს. სულ მის შემადგენლობაში 25 ნაკრებია.









