გიბრალტარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ჯეფ ვუდი დანიშნეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
დეივ უილსონი, რომელიც დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, ვუდის ასისტენტი იქნება. წარსულში ვუდი “ჩარლტონში” თამაშობდა, ხოლო ბოლო პერიოდში ადგილობრივ “ლაიონს გიბრალტარს” ხელმძღვანელობდა.
“იმის გათვალისწინებით, რომ გიბრალტარის ფეხბურთზე ბევრი რამ ვიცი, ეს ფანტასტიკური შანსია. ვიცი, რომ ბევრი ნიჭიერი და გამარჯვებას მოწყურებული ახალგაზრდა გვყავს. იმედია, რომ ნიჭიერი მოთამაშეების პროგრესის მოწმე გავხდები, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახებთ. მსურს, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო გიბრალტარის ნაკრებს სერიოზულად მოეპყრონ იმის გათვალისწინებით თუ რა დონის მოთამაშეებს ზრდის მუდმივად ქვეყანა” – განაცხადა ვუდმა მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.
გიბრალტარის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში პოლონეთის, გერმანიის, ირლანდიის, შოტლანდიისა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ასპარეზობს. 6 ტურის შემდეგ გიბრალტარელები უქულოდ ბოლო ადგილზე არიან.









