ძიუდო

12:00 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ტატამზე ევროშემადგენლობით

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 24-30 აგვისტოს ასტანაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზუსტად იმ შემადგენლობით გამოვა, რომლითაც ახლახან, ევროპულ თამაშებზე იასპარეზა. ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს” ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაუდასტურა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტმა ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში განხორციელებული ცვლილებები და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს შორის დროის მონაკვეთის შემცირება დაასახელა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქო 2015-დან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღე დაისვენა და ბაკურიანში გაემგზავრა, მსოფლიო პირველობისთვის მოსამზადებელი ციკლის პირველი 12-დღიანი შეკრების გასავლელად. უზნაძის გუნდი თბილისში გუშინ დაბრუნდა. დღეს კი უკვე იაპონიაში მიემგზავრებიან, სადაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ.

"პირველი შეკრება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ. სხვა კომპონენტებზე კი მომავალ შეკრებებზე ვიმუშავებთ. იაპონიიდან 1 აგვისტოს დავბრუნდებით. 6-ში კი დასკვნით შეკრებაზე გადავალთ, რომელსაც ლიკანში გავივლით. სწორედ ლიკანში შემოუერთდება ნაკრებს ვაჟა მარგველაშვილი, ვინც ყაზახეთში გუნდურ ჩემპიონატზე დაგვეხმარება. მოგეხსენებათ, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინდივიდუალურ პირველობაზე მონაწილე არ გვყავს. ვიდრე 9-კაციანი შემადგენლობა იაპონიაში ივარჯიშებს, მარგველაშვილი ტიუმენის გრან სლემზე იჭიდავებს და ტურნირის შემდგომ ერთობლივ წვრთნებშიც მიიღებს მონაწილეობას” – განაცხადა ირაკლი უზნაძემ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასტანაში ორ ჯგუფად გაემგზავრება, 18 და 22 აგვისტოს. პირველ ნაწილში 60, 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ძიუდოისტები შევლენ, ხოლო მეორეში - 90 და +100 კილოგრამებში მოჭიდავეები.

საქართველოს ნაკრების მსოფლიო განაცხადი

ინდივიდუალური

60 კგ – ამირან პაპინაშვილი

73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი

90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი

+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი

გუნდური

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096013