ბლოგი

11:56 | 19.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფსევდოპატრიოტიზმი, რომელსაც შედეგი არ მოაქვს

ახლა, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით მიწყნარდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, უკვე შეგვიძლია კარგად გავიაზროთ თუ რა მოხდა თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” ორრაუნდიან შეხვედრაში და მართლაც დაძაბული საფეხბურთო ბატალიების მიღმა რა მოხდა ისეთი, რამაც ჩვენსა და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს შორის კინაღამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.

ყველაფერი, რა თქმა უნდა, თბილისში დაიწყო და რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი მავანმა ფსევდოქომაგმა და ფსევდოპატრიოტმა, აშკარაა, რომ პროვოკაციებს სათავე სწორედ საქართველოში დაედო. საინგილო და ჰერეთი რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, არ სჭირდება ამ ამბავს რაიმე დიდი ისტორიული განხილვა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ უნდა გააპროტესტო ეს ამბავი ფეხბურთის ქომაგი აზერბაიჯანელების წინაშე მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ეს მიწები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს ორმა ქართველმა, “დიდმა ბელადმა”. იოსებ ჯუღაშვილმა და სტალინზე არანაკლებ დიდმა ნაძირალამ, სერგო ორჯონიკიძემ გადასცეს. არ არსებობს არც ერთი ისტორიული წყარო, სადაც აღწერილი იქნება ჩვენი ხელიხელსაგოგმანები და სამარცხვინო ინტელიგენციის თუნდაც მცირე პროტესტი ამ საძაგლობის გამო და მაშინ რას ვერჩით აზერბაიჯანელებს, რომელთაც მიძღვნილი საჩუქარი მიიღეს და შეიფერეს? განა სხვა ვინმე უარს იტყოდა ასეთ შესანიშნავ მიწებზე, სადაც ვაზიც კარგად ხარობს და ტყეებიც მშვენივარდ შრიალებენ?...

სპორტი და პოლიტიკა რასაკვირველია ბოლომდე არასოდეს გამიჯნულა და ვერც გაიმიჯნება, მაგრამ მაინც ჭეშმარიტად აუსხნელია რატომ უნდა მოგინდეს საფეხბურთო მატჩზე განუცხადო ერთ-ერთ ყველაზე ნორმალურად განწყობილ მეზობელს შენი ტერიტორიული პრეტენზიები და რატომ არ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ მცოცავი ოკუპაციის შემქმედი მეორე მეზობელი, რომელიც ყოველდღიურად მიწას გართმევს ცალყბად მაინც გააკრიტიკო? სწორედ ამიტომაც გაჩნდა ეჭვები, რომ “დინამო არენაზე” მომხდარი უმსგავსობის უკან ის ძალები იდგნენ, რომლებიც ყველგან არიან და რომლებსაც რატომღაც ერთმორწმუნეებად მოვიხსენიებთ.

გაბალაში გამართულ განმეორებით შეხვედრაში განმეორებით მოხდა ის, რაც წესით არავის გვაწყობდა. იყო დიდი აგრესია ჩვენების მიმართ და ამას ჩვენი სახელმწიფო დროშის დაწვაც დაემატა, რაც ალბათ ყველა ვხვდებით, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე მეტია. მაგრამ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს იმის თქმა, რომ ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენთან დაიწყო და ეს ამბავი უეფაში კი არა, სევლიის დიდ ინკვიზიტორთანაც კი რომ გაირჩეს, დიდი ეჭვი მაქვს რომ ქართველები გავმტყუნდებით, რამეთუ უმთავრესი აგრესიის სათავეა.

ყველაზე სამწუხარო კი მაინც ის ფარისევლობაა, რაც ჩვენს საზოგადოებაში არათუ მცირდება, არამედ დღითიდღე იმატებს. როგორც იცით, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, გაიზარდა ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მომრავლდნენ სერგო ორჯონიკიძისა და სტალინის საქმის მოყვარული და გამგრძელებელი ხალხი, ის ხალხი, რომლებიც ყოველთვის თვალს ხუჭავდნენ საინგილოს, აფხაზეთისა თუ ლორეს დაკარგვაზე და მხოლოდ მაშინ იღებენ ხმას, როდესაც “დიდ ძმას” დასჭირდება. იმ “დიდ ძმას” კი სამწუხაროდ ძალიან დიდი მადა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099147