ბლოგი

14:00 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რა თქვა გივი ამილახვარმა

ეიფორია ქართველისათვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ როდესაც მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭი იყარა, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, იღბლისგან მოძღვნილ მეტოქეებს მშვიდად და განსჯის უნარით აღსავსენი რომ შევხვედროდით. “იღბლისგან მოძღვნილსო” იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრების შემწე ერთადერთი იღბალი თუ შეიძლება იყოს, თორე სხვა მხრივ პატრონი რომ ჩვენს გუნდს არა ყავს, ამის დანახვასა და მიხვედრას რა უნდა?

წუწუნი ზოგადად ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ ალბათ ყველაზე გამართლებული ამ დღეებში მოსმენილი წუწუნის “მარგალიტები” იყო, როდესაც მავანი ქართველი ქომაგი წარსულს შესტიროდა და დიდითა ცრემლითა იძახდა, რომ როდესაც ჩვენი ნაკრები, არსებობის ისტორიაში შასაერჩევ ეტაპზე აშკარად ყველაზე სუსტ ჯგუფში მოხვდა, სწორედ მაშინ გაგვივეტერანდა გიორგი ქინქლაძის, შოთა არველაძის, თემურ ქეცბაიას და მათი თანაგუნდელების თაობა და აქვე გამოითქვა მოსაზრებაც, რომ მაშინდელი საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან აუცილებლად გავიდოდა და ესოდენ ნანატრ მსოფლიოს ჩემპიონატზეც კოხტად ამოვყოფდით თავსო.

აი ხომ ხედავთ, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩეეი კი არა, ევროპის პირველობის შესარჩევიც კი არ დამთავრებულა და უკვე წარსულზე მოვთქვამთ და იმაზე ვიცრემლებით რა შეიძლება ყოფილიყო. მართლაც რომ ეიფორიის გარეშე ერთი წამი ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა. რომ შეგვხვედროდა გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის ან ინგლისის ნაკრებები, მერე ამ წუწუნს უკვე ოხვრაც დაემატებოდა, რომ ჩვენ არასოდეს გვაქვს იღბალი და რომ ყოველთვის ვიღაც გვჩაგრავს. არადა, უმარტივესადაა ყველაფერი _ ჰა ბურთი და ჰა მოედანი... დანარჩენი მერე უკვე როგორც ტექსტშია...

ავსტრია ძლიერი გუნდია და ჩვენთან ორივე მატჩის მოგებას გეგმავს (ამას მათი მწვრთნელი ღიად ამბობს) ასევეა სერბეთიც, რომელსაც თაობათა ცვლის “სახადი” უკვე მოხდილი აქვს და ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ კინკილა ქულაც კი არ დაუტოვოს ერთმორწმუნე ქართველებს. ირლანდია ის გუნდია, რომელთანაც ჩვენი ნაკრები ყოველთვის სამარცხვინოდ თამაშობდა და ვითომ რატომ არ უნდა ჰქონდეს “სამყურებს” კიდევ ერთხელ გამარჯვების იმედი? ეს უელსია და წინა ხაზზე ისეთი გადარეული კაცი დაურბის, მაგის გაჩერებას ერთი ბატალიონი სჭირდება. ხოლო ამ ტიალ მოლდოვასთან, ჩვენი გუნდი რატომღაც სულ ცუდად თამაშობს. რა გამოვიდა? არსებულ რეალობას ამ კუთხით რომ შეხედოთ, განა გვაქვს სიხარულის უფლება _ სუსტ ჯგუფში მოვხდითო? აი სწორედ ამიტომაცაა ეიფორია ცუდი და დამღუპველი.

მაგრამ თუკი ამ ამბავს მეორენაირად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენთან მოხვედრილი გუნდებიდან გრანდი ნამდვილად არც ერთი არ არის და როგორც იტყვიან ხოლმე, თამაში ყველასთან შეიძლება, რატომ არ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ნაკრებს (როგორი სუსტიც არ უნდა იყოს იგი) აქამდე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესება? განა ისეთი რა საოცარი მეტოქეები გვყავს, რომ ტრადიციულად უილაჯოთ ჩამოვუშვათ ხელები?

წინასწარ შიშ-კანკალი ჩვენ რომ ვიცით - ეგეთი უნდა. ლეგენდარული თავადი, გივი ამილახვარი ტყუილად კი არ ამბობდა, ქართველებს ბრძოლის წინ ომზე და მტრის რიცხოვნობაზე არ უნდა ელაპარაკო და მხოლოდ მაშინ შეიძლება ომში გაიმარჯვონო. იმედია შიშსა და ეიფორიას ამჯერად მაინც გადავლახავთ.

პ.ს.. გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (დ. 1689 — გ. 1754 ან 1757) — ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშის სარდალი და გორის მოურავი. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723-1735), თუმცა ხშირად დათმობახეც მიდიოდა. 1726 ოსმალებს ააღებინა ხელი თბილისის სიონის ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097209