თუ კატალონური “ბარსელონა” გუნდიდან პედროს გაშვებას მაინც დათანხმდება, მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მისი შეცვლის ვარიანტები ექნება.
Inside Spanish Football-ის ცნობით, ასეთ შემთხვევაში მწვრთნელის თვალსაწიერში უწინარესად “სელტას” ნახევარმცველი ნოლიტო მოიაზრება.
28 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან, “ბარსელონა” მზადაა “სელტას” ის განათხოვრების წესით უკან დაუბრუნოს, სანამ ტრანსფერებზე შეზღუდვას ვადა არ ამოეწურება. აღსანიშნავია, რომ ნოლიტო “ბარსელონაში” 2008 წლიდან ირიცხებოდა, მაგრამ პირველ გუნდში დებიუტი მხოლოდ 2010 წელს ჰქონდა და იმ მატჩში მან სწორედ პედრო შეცვალა. მაგრამ საბოლოოდ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 2011 წელს “ბენფიკაში” გადავიდა.
ფეხბურთელს ლუის ენრიკესთან ძველი ნაცნობობა აკავშირებს, რადგან “ბარსელონას” მეორე გუნდში სწორედ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა. გარდა ამისა, “ბენფიკადან” “სელტაში” ის სწორედ კატალონელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა მიიწვია. ნოლიტოთი, რომელმაც პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მადრიდის “ატლეტიკოცაა” დაინტერესებული.





