თბილისის ოთხთა ტურნირის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი იტალია და ერთ-ერთი აუტსაიდერი ესტონეთი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობის მქონე იტალიელებმა დიდი ანგარიშით 85:61 შეძლეს მეტოქის დამარცხება, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და ორი ტურის შემდეგ საქართველოსთან ერთად 4-4 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
აღნიშნული ტურნირის განრიგი ისე აეწყო, რომ თბილისის მერიის თასის გათამაშების ბოლო მესამე ტურში ერთმანეთს ლიდერები, საქართველო და იტალია დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული პირველ ადგილზე გავა, ხოლო დამარცხებული მეორე ადგილს დასჯერდება. ლატვია და ესტონეთი კი, რომლებსაც ჯერ გამარჯვება არ აქვთ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. მესამე ტურის შეხვედრები ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
დღევანდელ შეხვედრაში 15-15 ქულით ყველაზე შედეგიანები იტალიელი ანდრეა ბარნანი და ესტონეთის გუნდის წევრი სიმ-სანდერ ვენე იყვნენ.
იტალია – ესტონეთი 85:61
(15:20, 34:5, 17:21, 19:15)







