საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ნიქოზიის “აპოელს” უთავკაცებს.
ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსული გუნდის ჩაბარების შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კომენტარი გაუკეთა: “გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. “აპოელი” ევროპა ლიგაზე ითამაშებს და ეს ის გუნდია, რომელიც კვიპროსში ყველაფრის მოგებას ცდილობს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ხვდება. კლუბს დიდი მიზნები აქვს და ძალიან მიხარია, რომ ორი წლის განმავლობაში ამ გუნდს ვუხელმძღვანელებ.”
თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა. “ჯვაროსნებმა” მისი ხელმძღვანელობით 39 მატჩი ჩაატარეს, აქედან 13 მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს, ხოლო 17 შეხვედრაში მარცხი განიცადეს.









