90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი ერთმანეთს ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რეპეშაჟის ფინალში დაეჭიდნენ და ლიპარტელიანმა მიმდინარე შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველმა შეძლო პოდიუმზე ასვლა. ქართული დაპირისპირების ბედი მეხუთე წუთზე შესრულებულმა სუფთა გდებამ გადაწყვიტა. იქამდე კი ლიპარტელიანმა თანაგუნდელისთვის ვაზარის აღებაც მოასწრო.
ძირითად ბადეში კი უფრო შედეგიანად ღვინიაშვილმა იჭიდავა - 19 წლის ძიუდოისტმა ოთხი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალამდე მივიდა. უკრაინის ნაკრების წევრი ქუეჯაუ ნჰაბალი ორწუთნახევარში გააკრა ტატამს. პოლონელ პატრიკ ციეჩომსკის წუთი და 48 წამი აკმარა, სერბ ალექსანდრ კუკოლჟს - 3 წუთი და 10 წამი. მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბეიკერთან იუკოს უპირატესობა იკმარა.
ოქროსკენ მიმავალი გზა ბექა ღვინიაშვილს რუსმა კირილ დენისოვმა ჩაუკეტა, სამ წუთში შესრულებული ორი ვაზარით და რეპეშაჟის ფინალში გაუშვა. თავად კი გადამწყვეტ ბრძოლაში სამხრეთკორეელ დონგ ჰან გვაკს ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. გვაკმა დენისოვი ვაზარით დაამწუხრა.
სწორედ დონგ ჰან გვაკმა გამოთიშა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას ვარლამ ლიპარტელიანი. მათ შეხვედრაში ნახევარფინალის საგზურის ბედი აზიელის მიერ შესრულებულმა კონტრილეთმა გადაწყვიტა, რომელიც იუკოდ შეფასდა.
მეოთხედფინალამდე ლიპარტელიანმა სამი ეტაპი დაძლია. შეჯიბრება არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ მიხაილ მარჩიტანის შებოჭვით გახსნა. ამერიკელი ჯაკობ ლარსენი ორ წუთში ჩამოიშორა, მერვედფინალში კი ფრანგ ალექსანდრე იდირს დაეჭიდა და შეხვედრის ბოლო წუთზე გაშვებულ იუკოს საფინალო გონგამდე 4 წამით ადრე შესრულებული შებოჭვით უპასუხა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში, ლიპარტელიანმა გერმანელი აარონ ჰილდებრანდი ორ წუთში ვაზარიზე დასცა და უმალ შებოჭა. შემდეგ კი ღვინიაშვილსაც აჯობა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს.
დღესვე ყაზახურ ტატამზე საქართველოს სახელით ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდა და მაროკოელ ასამა ნიანგისთან უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, იაპონელ ჩიზურუ არაისთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი ხვალ დასრულდება, მამაკაცთა 100 და +100 კილოგრამი წონითი კატეგორიების და ქალთა +78 კილოგრამის კონკურენციით. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ტატამზე ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) გავლენ.







