საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გურიის რეგიონალურმა ფედერაციამ დელეგატი შეცვალა.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ბენია თავბერიძის განცხადებით, დელეგატის შეცვლის მიზეზი რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება გახდა.
თავბერიძის ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურა ერთპიროვნულად წარადგინა, რამაც პროტესტი და მისი მოხსნა გამოიწვია.
„გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთპიროვნულად წარადგინა გოჩა ტყებუჩავა ფეხბურთის ფედერაციაში ხმის მიცემის უფლებით. ეს გამგეობის წევრებმა გავაპროტესტეთ და ჩვენი კანდიდატურა - ბატონი იური ჩხაიძე წარვადგინეთ ფეხბურთის ფედერაციასი ხმის მიცემის უფლებით“, - განაცხადა თავბერიძემ.
გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დელეგატის გოჩა ტყებუჩავას მოხსნა უკანონოდ მოხდა.









