მამაკაც ჩოგბურთეულთა ერთეულთა თანრიგში ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ნახევარფინალებში შვეიცარული და ბალკანური ნახევარფინალები გათამაშდება. ფინალში გასასვლელად ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხორვატი მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდებიან, გადამწყვეტი მატჩის მეორე მონაწილეს კი როჯერ ფედერერისა და სტენ ვავრინკას დუელი გაარკვევს.
ორივე შვეიცარელმა ფინალში თამაშის უფლება ნახევარფინალის 3 სეტით მოგების შედეგად დაიმსახურა. სტენ ვავრინკამ სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი უშანსოდ დატოვა 6:4, 6:4, 6:0. მატჩი საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ვავრინკას აქტივში 5 ბრეიკი და 6 ეისია.
სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონ როჯერ ფედერერს რაც შეეხება, მას სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა ფრანგი რიშარ გასკეს წინააღმდეგობის დასაძლევად 6:3, 6:3, 6:1. 34 წლის როჯერმა 16 ეისი, 5 ბრეიკი შეასრულა, ვავრინკასთან დაპირისპირებაზე კი მოკლედ თქვა: “გასკეს წინააღმდეგ კარგად ვითამაშე, ნახევარფინალში კი კიდევ უფრო უკეთ გამოსვლა მმართებს. მახარებს, აშშ-ის ღია პირველობის ამ სტადიაზე ერთმანეთს შვეიცარელები რომ ვხვდებით. ყოველმხრივ შევეცდები სტენს ამოცანა მაქსიმალურად გავურთულო. მოუთმენლად ველი ნახევარფინალს”.







