საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩში გოლით გამოირჩა. (VIDEO) “სონდერისკისთან” წაგებულ (1:2) შეხვედრაში “ორჰუსის” ქართველმა ლეგიონერმა ანგარიში 29-ე წუთზე გაათანაბრა. მათეს გუნდმა კი 86-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო.
“ჯვაროსნების” თავდამსხმელმა დანიის ჩემპიონატში რიგით მეოთხე გოლი გაიტანა. “ორჰუსის” რიგებში მხოლოდ ბოლო წუთზე გამოჩნდა დავით სხირტლაძე, ხოლო ვაწაძემ მოედანი 82-ე წუთზე დატოვა. ქართველთა გუნდი ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში “ფრაიბურგი” შინ “არმინიას” დაუზავდა (2:2). ლუკას ჰუფნაგელმა მასპინძლებს ქულა 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუტანა. ახალი გუნდის მაისურით ჰუფნაგელმა თავი პირველად გამოიჩინა.
საქართველოს სახელით მოთამაშე ნახევარმცველი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი ორი ბურთით მარცხდებოდა. “ფრაიბურგი” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.