საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალე შედეგით – 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დღეს საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. პირველად 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილის, ხოლო მეორედ მძიმე წონაში დროებით გადასული გურამ თუშიშვილის საპატივცემულოდ.
დღესვე კიმონოები ლევან გუგავამ, კობა მჭედლიშვილმა (ორივე 81 კგ) და დავით რამაზაშვილმაც (90 კგ) მოირგეს, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.
ბექა ღვინიაშვილი ავსტრიულ ტატამზე ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და კონტინენტური პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მესამედ ავიდა. შეგახსენებთ, 19 წლის ძიუდოისტს, რომელიც უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, 21 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოუპოვებია – 2013 წელს, 17 წლის ასაკში.
ავსტრიულ წარმატებას კი ბექა ღვინიაშვილმა ისე მიაღწია, გეგონებოდა თავის ტოლებს (და ცოტა უფროსებსაც) კი არა, პატარა ბავშვებს ეჭიდავებოდა. ოქროს გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა: ბერძენი იოანის პანაგიოტოპულოსი, ესტონელი მატიას კუსიკი, გერმანელი ედუარდ ტრიპელი, ლიტველი როკას ნენარტავიჩუსი და კიდევ ერთი გერმანელი დავიდ ტეკიჩი. ხუთივე იპონით, თან ისე, რომ არც ერთთან უმცირესშეფასებიანი ქულაც კი არ დაუკარგავს.
გურამ თუშიშვილიც იპონ-იპონ და ქულადაუკარგავად მივიდა ევროპულ ოქრომდე. ფინალამდე უკრაინის სახელით მოჭიდავე ნოდარ მაჭუტაძე, რუსეთის ნაკრების წევრი ტამერლან ბაშაევი, ებრაელი ვიაჩესლავ ობედინი და რუმინელი მირჩეა კროიტორუ ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსთა ბოლო იმედს – რუსლან შახბაზოვს ორწუთნახევარში ოთხი ულამაზესი გდება შეუსრულა. მსაჯებმა ორი იუკოდ შეაფასეს, ერთი – ვაზარად, ერთიც იპონად.
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი შარშანწინაც გახდა, ოღონდ ერთი წონითი კატეგორიით დაბლა – 100 კილოგრამში. მას შემდეგ კი მძიმე ტრავმის და ხელზე გადატანილი ოპერაციის გამო დიდი დრო გაუცდა.
ახალგაზრდა ძიუდოისტებს 23-27 ოქტომბერს სეზონის უმთავრესი შეჯიბრება – მსოფლიოს ჩემპიონატი ელით და მასზე გურამ თუშიშვილი სავარაუდოდ ისევ 100 კილოგრამში იჭიდავებს. მსოფლიო პირველობამდე კი წინ ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეა – ხვალ ობერვარტში ევროპის გუნდური პირველობა გაიმართება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავა.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ობერვარტი. ავსტრია
18-19 სექტემბერი
ვაჟები
55 კგ
1 როი კოფიბერგი (ჰოლანდია)
2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)
3 შაჰენ აბაგიანი (სომხეთი)
3 ვაჰაგ ჰოვსეპიანი (სომხეთი)
60 კგ
1 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
2 სამუელ ჰოლი (ბრიტანეთი)
3 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)
3 დენის ვიერუ (მოლდოვა)
66 კგ
1 პაველ პატოკოვი (რუსეთი)
2 ბოგდან იადოვი (უკრაინა)
3 ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)
3 პატრიკ ვავრჟიზეკი (პოლონეთი)
73 კგ
1 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
2 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)
3 არტემ ხომულა (უკრაინა)
81 კგ
1 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)
2 ნიკონ ზაბოროსციუსი (მოლდოვა)
3 დორინ გოტონოაგა (მოლდოვა)
3 ჟოაო მარტინო (პორტუგალია)
90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 დავიდ ტეკიჩი (გერმანია)
3 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
3 პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)
100 კგ
1 დანილო პანტიჩი (ჩერნოგორია)
2 ოლეგ აბაევი (რუსეთი)
3 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)
3 ჟოზეფ ტერე (საფრანგეთი)
+100 კგ
1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
2 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)
3 ზარკო კულუმი (სერბეთი)
3 ჰარუნ სადიკოვიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
გოგონები
44 კგ
1 ამბერ გერჟესი (ჰოლანდია)
2 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)
3 სიტორა ბოიმატოვა (რუსეთი)
3 ტუგბა იაილა (თურქეთი)
48 კგ
1 რეკა პუპი (უნგრეთი)
2 ჟოანა დიოგო (პორტუგალია)
3 კრისტინა ბუდესკუ (მოლდოვა)
3 სეფორა კორჩერი (საფრანგეთი)
52 კგ
1 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)
2 ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)
3 დამია კალისკანი (თურქეთი)
3 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
57 კგ
1 სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი)
2 ტესია ცადილა ასევედო (ესპანეთი)
3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)
3 ბეკი ლივისი (ბრიტანეთი)
63 კგ
1 ლუსი რენშალი (ბრიტანეთი)
2 ელიზავეტ ტელციდუ (საბერძნეთი)
3 სელინა დიცერი (გერმანია)
3 გეკე ვან დენ ბერგი (ჰოლანდია)
70 კგ
1 სზაბინა გერშაკი (უნგრეთი)
2 სანე ვან დიკი (ჰოლანდია)
3 მიჰაელა პოლერესი (ავსტრია)
3 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
78 კგ
1 ლარისა გრენვოლდი (ჰოლანდია)
2 ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია)
3 მორგან დუჩენი (საფრანგეთი)
3 სარა როდრიგესი (ესპანეთი)
+78 კგ
1 ვასილინა კირიჩენკო (უკრაინა)
2 ანა ზალეჩნა (პოლონეთი)
3 რუდელი კეროლი (საფრანგეთი)
3 იულია ლიანჩენკო (რუსეთი)









