გიორგი შერმადინს ახალ კლუბ “მორაბანკ ანდორაში” პირველი ტიტულის მოგებამდე ცოტა დააკლდა. ანდორელები კატალონიის თასის ფინალში სახელოვან “ბარსელონას” ბოლო მეოთხედის წინ, 13 ქულას უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
თუმცა, ყველაფერზე თანმიმდევრულად. “მორაბანკ ანდორა” ნახევარფინალში ბადალონას “ხუვენტუტს” გაეჯიბრა და 78:67 იმარჯვა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:17 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა (1 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია და ის ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
თავის მხრივ, “ბარსელონამ” მე-2 ნახევარფინალში “მანრესას” 78:65 სძლია და ფინალშიც უდავო ფავორიტის რანგში გავიდა, თუმცა, ქართველის გუნდთან ძალიან გაუჭირდა.
როდესაც ბოლო მეოთხედმა მოაწია, “მორაბანკ ანდორა” მეტოქეს 53:40-ს ამარცხებდა და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც გარკვეული გახლდათ, თუმცა, “ბარსა” არ დანებდა, დასკვნით ათწუთეულში 28:12 იმარჯვა და 68:65 მოიგო.
შერმადინი ამ თამაშშიც გამორჩეული იყო. ის კვლაც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 20:43 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.
გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
ფინალის უძვირფასესი მოთამაშე ბარსელონელი პაუ რიბასი გახდა, რომელმაც 28:46 წუთში 6-ვე ორქულიანი, 8-ვე საჯარიმო და 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და 26 ქულა მოაგროვა.









