საქართველოსა და ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებების შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში ძალიან სწრაფად მე-2 წუთზე გაიხსნა. ჟერარ დეულოფეუმ მარჯვენა ფლანგზე იყოჩაღა და საჯარიმოში დაბალი გადაცემა განახორციელა, რომელსაც მუნირ ელ ჰადადი გამოეხმაურა და ქურდაძის კარი აიღო.
“ფურია როხას” სიხარულმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა, მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით მოახერხა წონასწორობის აღდგენა.
დარჩენილმა დრომ სტუმართა მცირე უპირატესობით ჩაიარა და წინ გასვლა ორჯერ შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნათ. პირველ ეპიზოდში სამუ კასტილიეხოს შეეძლო გატანა, მაგრამ “ვილიარეალის” ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ზემოდან გადააცილა ქურდაძის კარს, ხოლო ჟერარ დეულოფეუმ საჯარიმოს მისადგომებიდან მცირე მანძილით ააცილა.
ქართველებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა რამდენჯერმე არიაზაბალაგას კარს შორი მანძილიდან დაემუქრნენ, მაგრამ ეს ბურთები ბასკი მეკარის იოლი ნადავლი შეიქნა.
ტაიმის ბოლოს მათე ცინცაძეს მარკოს ასენსიო ეუხეშა, თუმცა საბედნიეროდ მათე ტრავმას გადაურჩა.
საქართველო (21) – ესპანეთი (21) 1:1
თბილისი, “მიხეილ მესხი”
საქართველო (4-2-3-1): ქურდაძე, ცნობილაძე, დვალი, გეგეჩკორი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ფანცულაია, შენგელია, კიტეიშვილი, გოშთელიანი.
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ესპანეთი (4-3-3): არიაზაბალაგა, დუარტე, ვალეხო, მერე, მანკილიო, ასენსიო, საული, ო.ტორესი, ელ ჰადადი, კასტილიეხო, დეულოფეუ.
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1 ცინცაძე (4)
მსაჯი: ერეზ პაპირი (ისრაელი)







