კალათბურთი

16:56 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფორტუნამ “მგზავრები-არმიას” გაუღიმა

კალათბურთში 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში “მგზავრები-არმიამ” “ქუთაისი 2010”-ს უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა “მგზავრები-არმიამ” 2 ქულის სხვაობით 77:75 მოიგო და მნიშვნელოვანი 2 ქულა მოიპოვა.

თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათი გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 20:17. მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წუთზე დაიძაბა. ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე, მდევრის როლში მყოფი “ქუთაისი 2010”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი ბარბაქაძემ 2 საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვა. “პატარა ველურამ” ორივე საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა 75:75. “მგზავრები-არმიას” მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა კუთვნილი წუთშესვენება გამოიყენა. მათი შეგირდების მიერ დაწყებული შეტევა ამერიკელმა ლეგიონერმა მიხაელ ტერიმ ორქულიანით დაასრულა და მასპინძლები 2 ქულით 77:75 დააწინაურა.

ამჯერად ქუთათურთა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა აიღო წუთშესვენება. მის გუნდს საკმარისი დრო 9,8 წამი ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად, სროლაც მოასწრო, მაგრამ გამოცდილმა კალათბურთელმა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ანატოლი ბოისამ ბურთი მიზანს ააცილა და როგორ უკვე ავღნიშნეთ, გამარჯვება “მგზავრები-არმიას” დარჩა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა “ქუთაისი-2010”-ის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რიჩარდ მათიაშვილმა დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. მათიაშვილს 1 ქულით ჩამორჩა “მგზავრები-არმიას” მსროლელი კახაბერ ჯინჭარაძე, რომელიც 20 ქულით თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლების ავტორები გახდნენ “მგზავრები-არმიას” ცენტრალური თავდამსხმელი, “ქუთაისი 2010”-ის ყოფილი კალათბურთელი ავთანდილ ლომინაშვილი და სტუმართა გუნდის მძიმე ფორვარდი ბექა ბექაური, რომლებმაც 11-11 ქულა და 10-10 მოხსნა მიითვალეს.

ამჟამად მიმდინარეობს “რუსთავი” – “სოხუმი”-ს შეხვედრა.

“მგზავრები-არმია” – “ქუთაისი 2010” 77:75

(17:20, 18:17, 18:18, 24:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098438