სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:00 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურის გიჟური დასასრული “ელ მოლინონზე”

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ელ მოლინონზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ხიხონი” ბოლო ადგილოსან “გრანადას” დაუპირისპირდა და ქულის მოპოვება დრამატულ ბრძოლაში მოახერხა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე ესპინოსამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, სტუმრებმა მოუმატეს შესვენებამდე ორი გოლის გატანა მოახერხეს. 21-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ისააკ საკსესმა იაქტიურა, რომლის დაბალ ჩაწოდებასაც პიტის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლი მოჰყვა. ოც წუთში საკსესმა მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთხელ გაილაღა, ერთი მეტოქე იოლად ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით ალბერტოს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა. ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

73-ე წუთზე იუსუფ ელ არაბიმ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო და თავის გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა. მე-80 წუთზე რუბენ პერესს მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ 100%-იანი მომენტი გაანიავა – დაახლოებით ხუთი მეტრიდან კარის ხაზზე მდგომ მცველს გაარტყა ბურთი, არადა მეკარე კარში არ იდგა და ანდალუსიელთა ნახევარმცველი ვალდებული გახლდათ გოლი გაეტანა. გამოუყენებელი მომენტის გამო კი, ხოსე რამონ სანდოვალის შეგირდები სამაგალითოდ დაისაჯნენ. თუმცა, მასპინძლებს მსაჯიც წაეხმარა, რომელმაც “გრანადას” 81-ე წუთზე მიგელ ლოპეში გაუძევა, ხოლო 92-ე წუთზე დორია. ალვარეზ იზკუერდოს ნამდვილად შეეძლო, რომ დორია არ გაეძევებინა, თუმცა ეპიზოდი სხვაგვარად განსაჯა და მეორე გაფრთხილება უჩვენა. ასტურიელებმა ერთი ბურთი გატანა მაშინ მოახერხეს, როდესაც მეტოქე 10 კაცით იყო მინდორზე, ალენ ჰალილოვიჩის აქტიურობას ნაჩო კასესის გოლი მოჰყვა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე, როდესაც სტუმრები ცხრანი იყვნენ დარჩენილნი, პაბლო პერესმა ივარგა და თავის გუნდს ზღაპარში მოუპოვა ქულა – 3:3.

“ხიხონი” 9 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “გრანადა” 5 ქულით ბოლო პოზიციაზე დარჩა.

ხიხონი – გრანადა 3:3 (1:2)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): ალბერტო, ესპინოსა, ლ.ერნანდესი, ლორა, კანელია, ს.ალვარესი (ომარი 75), კასესი, მენენდეში (გერერო 46), ჰალილოვიჩი, ხონათანი, კ.კასტრო (პ.პერესი 65).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, დორია, ლომბანი, მ.ლოპეში, ბირაგი, რ.პერესი, კრინი, პიტი (ფოლქიერი 69), მარკესი, საკსესი (ფ.რიკო 83), ელ არაბი (ბიფოუმა 75).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 1:0 ესპინოსა (8), 1:1 პიტი (21), 1:2 საკსესი (41), 1:3 ელ არაბი (73), 2:3 კასესი (88), 3:3 გერერო (96)
გაფრთხილებები: ჰალილოვიჩი, კასესი, ს.ალვარესი – პიტი, ბირაგი, მ.ლოპეში, რ.პერესი, საკსესი, დორია
გაძევებები: მ.ლოპეში (81), დორია (92)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098099