ჩილელი გარი მედელის 30 მეტრიდან გატანილმა ლამაზმა გოლმა მილანის “ინტერი” სერია A-ში ერთპიროვნულად გაალიდერა. სწორედ სამხრეთამერკელის გოლმა გადაწყვიტა “ინტერისა” და “რომას” შეხვედრა. თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ეტყობოდა, რომ სასწორზე არა სამი, არამედ ექვსი ქულა იდო. მედელმა კი 31-ე წუთზე გაიტანა, მას შემდეგ, რაც სტევან იოვეტიჩის ჩინებული გადაცემა მიიღო და კარში დარტყმამდე ბევრი არც უფიქრია ისე ჩააჭედა ვოიცეხ შჩესნის კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში... მოკლედ, რობერტო მანჩინის გუნდმა იმარჯვა და ახლა ისევ ზემოდან დაჰყურებს დანარჩენ კალჩოს...
ამ თამაშამდე კი ტური არანაკლებ დრამატული, დაძაბული და საინტერესო თამაშით დაიწყო. დერბი “დელა მოლე” ტყუპისცალივით წააგავდა შარშანდელ ტურინულ დერბის. მაშინაც ჯერ “იუვე” იგებდა, მერე “ტორომ” გაათანაბრა და მატჩის ბოლო წუთზე ანდრეა პირლომ მასპინძლებს მოაგებინა... ამჯერადაც ასე იყო, ოღონდ გამარჯვების გოლო პირლომ კი არა, ხუან კუადრადომ გაიტანა, ოღონდ არა შორი დისტანციიდან, არამედ ალექს სანდროს ფლანგური გადაცემის შემდეგ ვარდნაში. ეს კოლუმბიელისთვის პირველი გოლია “ბებერი ქალბატონის” რიგებში, თანაც რამხელა მნიშვნელობის. გნებავთ სამი ქულის, გნებავთ დერბისა და ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით... სხვათა შორის, ეს მთლიანად კოლუმბიისთვისაც პირველი გოლია “იუვენტუსისთვის”. მოგეხსენებათ, კუადრადომდე “იუვეში” კოლუმბიელს არ უთამაშია.
აქამდე კი იყო ძალიან ლამაზი და დაძაბული 90 წუთი. უამრავი საგოლე მომენტითა და ორი ულამაზესი გოლით. დიახ, ის, რაც პოლ პოგბამ და ჩეზარე ბოვომ გააკეთეს კარგა ხანს დარჩება გულშემატკივართა მეხსიერებაში. ფრანგისგან ლამაზ გოლებს დაჩვეულნი ვართ, მაგრამ ბოლო დროს მაინც ვეღარ ირჯებოდა ისე, როგორც მისგან ელიან და... მე-20 წუთზე პოგბამ ბურთი საჯარიმოს გარედან, მიწაზე დაუშვებლად უძლიერესად გადაგზავნა დანიელე პადელის კარში. მოკლედ, ამ გოლის ნახვა აშკარად ღირს, თანაც არაერთხელ. ისევე, როგორც ბოვოს გასროლა. ვეტერანი მცველი საჯარიმოს დარტყმას ცდილობდა, მაგრამ უხეიროდ გააკეთა და ხომ გაგიგიათ ზოგი ჭირი მარგებელიაო? – ბურთი მას დაუბრუნდა ისეთი დაარტყა თქვენგან მოწონებული.. ბუფონიც ვეღარ შეწვდა ბურთს... მოკლედ, მძიმედ, მაგრამ რაც მთავარია, “იუვენტუსმა” მოიგო. ახლა კიდევ უკეთ ათამაშება მართებს...
“იუვენტუსი” – “ტორინო” 2:1 (1:0) (VIDEO)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38 000
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; პადოინი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; ხედირა (კუადრადო 11), მარკიზიო, პოგბა; ერნანესი; მორატა (მანჯუკიჩი 78), დიბალა (ალექს სანდრო 87)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბაზელი (ბენასი 65), ვივესი, აკქუა, მოლინარო (ძაპაკოსტა 61); მაქსი ლოპესი (ბელოტი 88), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 პოგბა (20), 1:1 ბოვო (52), 2:1 კუადრადო (90)
გაფრთხილება: მორატა (27), პოგბა (81) – აკქუა (21), ბოვო (21), ბაზელი (38), ძაპაკოსტა (77), ბრუნო პერესი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 7 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ინტერი” – “რომა” 1:0 (1:0) (VIDEO)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 42 000
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბრიზიო (რანოკია 79), მურილო, მირანდა, ნაგატომო; გუარინი, მედელი (კონდოგბია 51), ბროჟოვიჩი; იოვეტიჩი (პალასიო 65), ლიაიჩი, პერიშიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, პიანიჩი, ფლორენცი (იაგო ფალკე 64); სალაჰი, ჯეკო (ვანკიერი 78), ჟერვინიო (იტურბე 84)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 მედელი (31)
გაფრთხილება: გუარინი (59), ჰანდანოვიჩი (69), პალასიო (77), ლიაიჩი (90) – პიანიჩი (41, 74), დინიე (90)
გაძევება: პიანიჩი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 15 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი









