6 ნოემბერს, 19:30 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ საქმიანობას ახორციელებს 2015 წლის სექტემბრიდან. ასოციაციის მიზანია ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში სამოყვარულო ფეხბურთის განვითარების გზით. ასევე, საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში სტადიონების აღდგენა და ფუნქციის დაბრუნება. ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და ფეხბურთის როგორც სპორტის პოპულარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მიზნების განსახორციელებლად, სსფა ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩაატარებს სხვადასხვა სახის ტურნირებს სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11).
2015 წელს დაგეგმილია სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის ჩატარება ორგანიზაციებს შორის. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონის გუნდი (მათ შორის რაიონების და სოფლების გუნდები).







