ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი შერმადინი ყოფილ კლუბ “სარაგოსას” დაუპირისპირდა და “მორაბანკ ანდორას” გამარჯვებაში (73:80) დიდი წვლილი დაიდო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:13 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რითაც ის მხოლოდ თანაგუნდელ ლუკა ბოგდანოვიჩს ჩამორჩა. სერბმა ფორვარდმა 35:17 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
“მორაბანკ ანდორა” 2 მოგებით და 4 მარცხით 18-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს, შინაურ კედლებში, “უნიკახას” წინააღმდეგ ჩაატარებს.









