საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია „TAG ჰოიერმა“ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს დაასრულებს „მაკლარენის“ სპონსორობას და „რედ ბულის“ ბანაკში გადაინაცვლებს. ეს ინფორმაცია სან პაულუში, „TAG ჰოიერის“ მთავარმა აღმასრულებელმა ჟან-კლოდ ბივერმა გაავრცელა.
„მართალია, ჩვენ ახლახანს მომავალ სეზონზე კონტრაქტი გავაფორმეთ „რედ ბულთან“. ეს ახალგაზრდა გუნდია, რომელიც დინამიურად ვითარდება და მიზანმიმართლულია, რითაც საუკეთესოდ შეესაბამება „TAG ჰოიერის“ სტრატეგიას“, - ამბობს ბივერი.
ახლახანს 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „მაკლარენი“ და „TAG ჰოიერი“ პარტნიორები არიან. ბივერი ხაზს უსვამს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმტებული პარტნიორობაა ფორმულა 1-ის ისტორიაში და მან რამდენიმე ეპოქა გამოიარა.
„ჩვენს შორის პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი სპორტის ისტორიაში. ის 30 წელი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ორივე მხარემ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. ჩვენ მადლიერებით ვასრულებთ ამ თანამშრომლობას. ჩვენ ორივემ ერთად ბევრი შევძელით“, - დასძენს „მაკლარენის“ წარმომადგენელი.
ცნობისათვის, „TAG ჰოიერი“ შედიოდა TAG-ის ჯგუფში, რომელსაც „მაკლარენის“ აქციების 25 პროცენტი ამჟამადაც ეკუთვნის და უცნობია, აპირებს თუ არა თავისი აქციების შენარჩუნებას. რაც შეეხება „მაკლარენს“, უოკინგური გუნდი თავის ისტორიაში ყველაზე უარეს სეზონს ატარებს - ათ გუნდში მეცხრე ადგილზე იმყოფება. და ეს პირველ რიგში, ფ1-ში ძრავების მიმწოდებლად დაბრუნებული „ჰონდას“ ბრალია.







