სერია ა-ს მე-13 ტურის პირველ მატჩში, მაყურებელმა ჯამში ოთხი გოლი იხილა და აქედან სამი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გავიდა. “ბოლონიამ” და “რომამ” ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
მატჩის მსვლელობაზე და რაღა თქმა უნდა შედეგზეც, გავლენა იქონია თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე მოსულმა თავსხმა წვიმამ, რომელიც მთელი 90 წუთი არ შეწყდა. შედეგად, მოედანზე გაჩნდა გუბეები და ხშირ შემთხვევაში ბურთით გადაადგილება მხოლოდ ერთი მეტრით ხერხდებოდა. შედეგად, მოთამაშეთა ტექნიკურმა არსენალმა და მწვრთნელების ტაქტიკურმა ჩანაფიქრებმა, უბრალოდ აზრი დაკარგა.
ასეთ პირობებში თავიდან ბედმა მასპინძლებს გაუღიმათ. ანტონი მუნიეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს, მაგრამ 3 წუთში ადამ მასინა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შესვენებამდე შეეძლოთ, თუმცა მცველები მირანტემ დააზღვია და საჯარიმოს გარეთ ითამაშა - მართალია ყვითელი ბარათის ფასად, მაგრამ კარი მშრალად შეინახა.
მეორე ტაიმში იღბალი რომაელთა მხარეს გადავიდა, მუნიემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მირანტემ დარტყმის კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ პიანიჩის დარტყმულით ანგარიში მაინც გათანაბრდა. “რომა” ინიციატივას დაეუფლა და მართალია თამაშიდან გოლი არ გავიდა, მაგრამ იტურბემ მეორე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, ამჯერად ბურთთან ჯეკო მივიდა და სტუმრები გამარჯვებასთან დააახლოვა. მატჩის დასრულებამდეც თითქმის არაფერი რჩებოდა, როდესაც ჯაკერინის ფინტებს ტოროსიდისი წამოეგო, ამჯერად თერთმეტმეტრიანი “რომას” კარში დაინიშნა და დესტრომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2.
სერია ა. XIII ტური
ბოლონია. “სტადიო რენატო დალლარა”
ბოლონია - რომა 2:2 (1:0)
ბოლონია: მირანტე, როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა (მანკოზუ 79), მასინა, ბრიგი, დიავარა, დონსა (ტაიდერი 70), მუნიე (რიცო 76), დესტრო, ჯაკერინი.
მწვრთნელი: დონადონი
რომა: შჩესნი, მაიკონი (ტოროსიდისი 63), მანოლასი, რუდიგერი, დინი, ნაინგოლანი, კეიტა (ვანკერი 63), პიანიჩი, იტურბე (უმარი 88), ჯეკო, ფლორენცი.
მწვრთნელი: გარსია
გოლები: 1:0 მასინა (14), 1:1 პიანიჩი (52 პ.), 1:2 ჯეკო (72 პ.), 2:2 დესტრო (87 პ.)
გაფრთხილება: დონსა (26), გასტალდელო (33), მირანტე (38), მაიეტა (54), დესტრო (88) - მანოლასი (12), ნაინგოლანი (33), იტურბე (57), ტოროსიდისი (84)
კარისკენ დარტყმა: 9 (3) - 14 (5); ბურთის ფლობა: 48% - 52%; კუთხური: 5 - 5; ჯარიმა: 22 - 18; თამაშგარე: 5 - 1; სეივი: 3 - 1.









