თუ ვინ უმასპინძლებს 2017 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს, 12 დეკემბერს გახდება ცნობილი. შაბათს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიბა-ევროპას სხდომა შედგება, სადაც მთავარი თემა სწორედ მომავალი ევრობასკეტის მასპინძლის ანაც მასპინძელთა ვინაობის გარკვევა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის მიღებისთვის 5 ქვეყანა იბრძვის: ფინეთი, ისრაელი, პოლონეთი, რუმინეთი და თურქეთი. გასული ევრობასკეტის მსგავსად, ქვეყნებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ სრული ტურნირის მიღებაზე, ოთხიდან ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე ანაც ერთ-ერთი ჯგუფის და ფინალური ეტაპის ჩასატარებლად.
12 დეკემბერს კანდიდატი ქვეყნების განაცხადების განხილვა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით 15:15 საათზე კი ფიბა-ევროპას გადაწყვეტილებასაც შევიტყობთ.
ცნობისთვის, მომავალ ტურნირზე თამაშის უფლება უკვე დაბევებული აქვთ გასული ევრობასკეტის საუკეთესო შვიდეულში გასულ ესპანეთს, ლიტვას, საფრანგეთს, სერბეთს, საბერძნეთს, იტალიას და ჩეხეთს.
დანარჩენები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ფინალური რაუნდში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ციკლში იბრძოლებს, რომლის წილისყრაც, წინასწარი ინფორმაციით, იანვარშია დაგეგმილი. ფინალურ ეტაპზე, ტრადიციულად, 24 გუნდი ითამაშებს.







