მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან დროებით მოკვეთას გამოეხმაურა და ფეხბურთელს მხარდაჭერა აღუთქვა.
“მადრიდის “რეალი” წუხილს გამოთქვამს, თუმცა პატივს სცემს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ქარიმ ბენზემას ეროვნული ნაკრებიდან დროებითი მოკვეთის შესახებ და ფეხბურთელს კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას და ნდობას.” – ნათქვამია “რეალის” ოფიციალურ განცხადებაში.
ქარიმ ბენზემა ნაკრებიდან მანამდე იქნება მოკვეთილი, სანამ მატიე ვალბუენას საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებენ. შესაძლოა ფეხბურთელმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.
ქარიმს ბრალი მატიე ვალბუენას შანტაჟში თანამონაწილეობაზე ედება. როგორც ცნობილია, ბენზემა შუამავალი გახლდათ ვალბუენას და დამნაშავებს შორის, რომლებიც “ლიონის” ფეხბურთელს ინტიმური ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ. თავად “რეალის” ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ სცნობს.





