კალათბურთი

2:05 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: 23 ქულა და 13 მოხსნა ბარტონის და ლაკოვიჩის გუნდთან

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში კვლავაც გამორჩეულად ითამაშა. ქართველი კალათბურთელის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” სტუმრად “ბარსელონას” II გუნდს 88:76 სძლია, ბექამ კი სოლიდური ორმაგი დუბლი მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 29:26 წუთი დაჰყო და 23 ქულა, 13 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბურჯანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია და დიდი ალბათობით, ის კვლავაც ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოხვდება.

საინტერესოა, რომ ბარსელონას მე-2 გუნდში ორმა გამოცდილმა კალათბურთელმაც ითამაშა. ჩეხეთის ნაკრების 35 წლის ფორვარდი ლუკაშ ბარტონი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გახლდათ და 29:29 წუთში 19 ქულა ჩააგდო, 37 წლის სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა კი თავი ვერაფრით გამოიჩინა. მან თამაშიდან 10-დან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 24:41 წუთში ხუთ ქულას დასჯერდა.

“ლეიმა ბასკეტ კორუნას” 5 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე აინაცვლა. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს, შინ, ანალოგიური მონაგარის მქონე “პლანასა ნავარას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090896