ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის ცენტრალური და დასკვნითი შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვა.
შეხვედრა გუნდებმა დაბალ ტემპში დაიწყეს და ძალიან ფრთხილობდნენ. ამიტომაც, საწყის წუთებში რეალური სახიფათო ეპიზოდი არ შექმნილა. დაახლოებით მე-15 წუთისთვის მცირე უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტების შექმნა კვლავ უჭირდათ. 23-ე წუთზე კევინ დე ბრუინი შორი მანძილიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ პიოტრ ჩეხს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. 32-ე წუთზე ბელგიელ ფეხბურთელს უკვე ნაღდი საგოლე შანსი შეექმნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ოდნავ ააცილა. უნდა ითქვას, რომ კევინმა ეგოისტურად ითამაშა და უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფ დავიდ სილვას პასი არ მისცა.
ამის გამო, სტუმრები უმალ დაისაჯდნენ და ერთ წუთში ტეო უოლკოტმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. გაშვებულმა გოლმა “სიტიზე” ცუდად იმოქმედა, ხოლო მასპინძლებმა პირიქით მოუმატეს და ტაიმის ბოლოს მეორეც გაიტანეს – მესუთ ოზილის მშვენიერი გადაცემა ოლივიე ჟირუმ შეირგო და ჯო ჰარტს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი.
მეორე ნახევრი მანუელ პელეგრინის ცვლილებით დაიწყო, რომელმაც ფაბიან დელფის ნაცვლად, რაჰიმ სტერლინგს უხმო საშველად. შეცვლამ არ გაამართლა და “არსენალი” გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე პირველ ნახევარში. ეს არც იყო გასატანი, რადგანაც “სიტი” წინ წასვლას და შეტევაზე თამაშს ცდილობდა. შესაბამისად, “ქალაქელთა” დაცვაში დიდი სივრცეები ჩნდებოდა და მასპინძლებმა რამდენიმე ძალიან მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ ხოელ კემპბელმა და აარონ რემსიმ ხელსაყრელი მომენტები გაანიავეს. ამის გამო კი, მატჩის მიწურულს “მეთოფეთა” ქომაგებს ნერვიულობა მოუწიათ: მთელი შეხვედრის განმალობაში ძალიან პასიურად მოთამაშე იაია ტურემ 82-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. დარჩენილ დროში ერთი კარგი შანსი კვლავ ტურეს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:1.
“არსენალმა” 36 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ლესტერს” 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო “სიტი” 32 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.
არსენალი – მანჩესტერ სიტი 2:1 (2:0)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, ფლამინი, რემსი, ოზილი (ჩემბერლენი 76), უოლკოტი (ჩემბერსი 88), კემპბელი (გიბსი 70), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, სანია, ფერნანდინიო, დელფი (სტერლინგი 46), სილვა (ნავასი 73), ტურე, დე ბრუინი, აგუერო (ბონი 63).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 უოლკოტი (33), 2:0 ჟირუ (45+1), 2:1 ტურე (82)
გაფრთხილებები: სილვა, ოტამენდი
მსაჯი: ანდრე მარინერი









