„მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე თვლის, რომ მისი გუნდი მართებულად მოიქცა, როცა ავტომობილის აგრესიული კონცეპტი „საიზ ზირო“ აირჩია. მართალია, გასულ სეზონში უოკინგელებს ბევრი პრობლემა შეექმნათ, თუმცა ბუიე დარწმუნებულია, რომ ამ კონცეპციის დახმარებით, „მაკლარენი“ მოწინავეთა შორის დაბრუნებას შეძლებს.
როგორც სახელიც მიანიშნებს, კონცეპცია „საიზ ზირო“ მინიმალისტურ გადაწყვეტებზეა დაფუძნებული. მისი მთავარი პრინციპი, აგრეგატის, ტრანსმისიის და საკიდარის ძალიან მჭიდრო განლაგებაა, რაც ეფექტური აეროდენამიკის შემუშავების საშუალებას იძლევა. ბევრმა ამ კონცეპციის არჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს „ჰონდასთან“ პარტნიორობის განახლების პირველ სეზონში უნდა მომხდარიყო, მეტისმეტად რისკიან ნაბიჯად მიიჩნია.
მაგრამ ბუიე ამბობს, რომ კონსერვატიული მიდგომის შემთხვევაში, „მერსედესის“ დაწევაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნება. მისი თქმით, სამქიმიანებთან საპაექროდ, ყველა მიმართულებით შესაძლებლის ზღვრამდე მიწოლაა საჭირო. „ვნახოთ, „საიზ ზირო“ რას მოგვცემს. სეზონის მსვლელობისას, ჩვენ აგრეგატზე საჭირო ყველა ცვლილება ვერ განვახორციელეთ, რადგან ამაში რეგლამენტით შეზღუდულები ვიყავით. აგრეგატის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი, როგორიცაა ენერგიის აღდგენის სისტემა, იმ ეფექტით ვერ მუშაობდა, როგორსაც მისგან ველოდით. ყველაზე მეტად სწორედ ამან გვაზარალა. ამის გამო, რბოლისას წრეზე წამზე მეტს ვაგებდით. მაგრამ პრინციპში, თუ „მერსედესის“ დამარცხება გვინდა, მასზე რაღაც უკეთესი უნდა გააკეთო. ზედმეტად ამბიციურები ვართ? ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა“, - ამბობს ბუიე.
ის ასევე დასძენს, რომ მანქანის მჭიდრო უკანა ნაწილი არ ყოფილა იმის მიზეზი, რომ „ჰონდას“ კომპრომისული გადაწყვეტილება მიეღო, როცა თავის აგრეგატზე მუშაობდა. „ჩვენ ვუთხარით მათ, რომ აგრეგატის და სხვა ელემენტების ძალიან მჭიდროდ განლაგებას ვაპირებდით. მაგრამ კონკრეტულ ზომებზე არ გვილაპარაკია“, - ყვება ბუიე.







