დაკარის რალი მარათონს ხუთი ეტაპის შემდეგ, სებასტიან ლოები ლიდერობს, რომელსაც უკვე სამი ეტაპი აქვს მოგებული. მესამე გამარჯვება მან მეხუთე ეტაპზე მოიპოვა, რომელიც არგენტინის ხუხუიში დაიწყო და ბოლივიის უიუნიში დასრულდა. 327-კილომეტრიანი დისტანციის პირველ ორ საკონტროლო პუნქტთან, ლოები პირველი მივიდა. მესამე, ბოლო მონაკვეთი კი მისმა თანაგუნდელმა, კარლოს საინსმა მოიგო, თუმცა ჯამში ფრანგს 22 წამით უკეთესი დრო აღმოაჩნდა.
„პეჟოს“ გუნდს ახალწვეულმა, პირველი ორი ეტაპი ორშაბათს და სამშაბათს მოიგო. მეხუთე ეტაპი მან 3 საათში 32 წუთსა და 34 წამში გაიარა და საერთო კლასიფიკაციაში, უახლოეს მდევართან, თანაგუნდელ სტეფან პეტერანსელთან უპირატესობა 7 წუთსა და 48 წამამდე გაზარდა. მესამე ადგილზე კი საინსია, ვინც ლიდერს 13 წუთზე მეტით ჩამორჩება. საინსმა დაკარის მოქმედ ჩემპიონს, ყატარელ ნასერ ალ-ატიას გადაასწრო, ვინც ეპატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ალ-ატია ყველაზე სწრაფია „მინის“ ავტომობილებით მოასპარეზეთა შორის.







