მარია ტერეზა დე ფილიპისი, ფორმულა 1-ის პირველი ქალი პილოტი, ვინც რბოლებში 1950-იან წლებში ასპარეზობდა, 89 წლისა გარდაიცვალა. იტალიელმა მრბოლმა 1958-1959 წლებში, სულ ხუთ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ სამის სტარტზე დადგომა შეძლო. ხუთივე შემთხვევაში, ის კერძო გუნდის „მაზერატი 250F-ს“ მართავდა. ფ1-მდე კი იტალიური კომპანიის სახელით, სპორტული ავტომობილების კლასის რბოლებში ასპარეზობდა.
დე ფილიპისმა პირველად მონაკოს 1958 წლის დიდი პრიზზე ასპარეზობა სცადა. მაგრამ სტარტზე გასვლის უფლება ვერ მოიპოვა. სხვათა შორის, იმავე რბოლაში ასპარეზობის უფლება ვერც ბერნი ეკლსტოუნმა მიიღო. დე ფილიპისი ამან ვერ შეაჩერა და მოგვიანებით, ბელგიის დიდ პრიზზე სტარტზე დადგა. ის რბოლა ბრიტანლმა ტონი ბრუკსმა მოიგო, რომელსაც დე ფილიპისი ორი წრით ჩამორჩა და ფინიშთან მე-10, ბოლო ადგილზე მივიდა.
იმავე სეზონში, იტალიელმა ქალმა მრბოლმა, პორტუგალიისა და იტალიის დიდ პრიზებზეც იასპარეზა და ორივე შემთხვევაში, სტარტზე გასვლა შეძლო, მაგრამ ვერცერთი ვერ დაასრულა, რადგან ორივეჯერ ძრავმა უმტყუნა. შემდგომ სეზნში, ისევ მონაკოს დიდ პრიზზე გასვლა სცადა. ამჯერად „ბერა-პორშეს“ გუნდთან ერთად, მაგრამ 16-მანქანიან სასტარტო რიგში მოხვედრა ვერ მოახერხა. იმავე სეზონში, აფუსის ტრეკზე, გერმანიის დიდი პრიზის მხარდამჭერი რბოლისას, გუნდის ფრანგი თანამფლობელი, იან ბერა დაიღუპა. მეგობრის ტრაგიკულმა სიკვდილმა, 23 წლის დე ფილიპისს კარიერის დასრულებისკენ უბიძგა.







