დაკარის წლევანდელ რალი მარათონზე „პეჟოს“ ეკიპაჟები დომინირებენ. პროლოგის შემდეგ, შვიდივე სპეცმონაკვეთი მათი გამარჯვებით დასრულდა. მე-6 ეტაპზე ყველაზე სწრაფი ფრანგი სტეფან პეტერანსელი იყო, რომელმაც თავიდანვე შეძლო დაწინაურება. მართალია, მეორე საკონტროლო პუნქტზე მისმა თანაგუნდელებმა, კარლოს საინსმა და სებასტიან ლოებმა წამოწევა მოახერხეს, თუმცა ბოლოს პეტერანსელმა მაინც შეძლო უპირატესობის გაზრდა და ფინიშთანც პირველი მივიდა.
ლოებს პრობლემები შეექმნა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. ჯერ საბურავი გაუსკდა, რის გამოცვლაზეც დრო დაკარგა. შემდეგ ძრავზე აქსელერატორი სრულ სიმძლავრეზე გაეჭედა და როგორც თავად ამბობს, სიჩქარის შემცირებას, გათიშვით ახერხებდა. ასე კი დაახლოებით 80 კილომეტრი გაუვლია. ეს პრობლემაც მოაგვარა, თუმცა შემდეგ ისევ საბურავი გაუხდა გამოსაცვლელი. ჯამში 8 წუთი დაკარგა და ამის მიუხედავად, მეექვსე ეტაპის შემდეგ, ახალ ლიდერს მხოლოდ 27 წამით ჩამორჩებოდა.
მესამე ადგილი მათმა თანაგუნდელმა კარლოს საინსმა შეინარჩუნა, ვინც ეტაპის გამარჯვებულს მხოლოდ 17 წამით ჩამორჩა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯერჯერობით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ რბოლის მეორე ნახევარში უკეთ იასპარეზებს. სწორედ მან მოიგო მეშვიდე ეტაპი, რის შემდეგაც, ლიდერობა ლოებმა დაიბრუნა, პეტერანსელმა კი, ეტაპის ბოლო მონაკვეთში, უიღბლობის „მისი კუთვნილი“ დოზა მიიღო.
მართალია, საინსი მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა. ლოები კი პეტერანსელს ორ წუთზე ოდნავ მეტს უგებს. ცოტა მოშორებით არიან „მინის“ პილოტები - ალ-ატია და მიკო ჰირვონენი. ურთულესი ეტაპების წინ, მათი ჩამორჩენა ბევრი არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით „პეჟოს“ პილოტებთან ბრძოლას ვერ ახერხებენ, მათთვის გამარჯვება იოლი არ იქნება.
მეექვსე და მეშვიდე ეტაპების დროს ორი ინციდენტი მოხდა, რომელთაგან სამწუხაროდ, ერთი ტრაგიკულად დასრულდა. „მიცუბიში ლანსერით“ მოასპარეზე ფრანგი ლიონელ ბაუდი მაყურებელს დაეჯახა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე იმყოფებოდა. შემთხვევა მეშვიდე ეტაპის სტარტიდან 82-ე კილომეტრზე მოხდა და 63 წლის მაყურებელი ადგილზევე დაიღუპა.
რაც შეეხება მეორე ინციდენტს, ის ჰოლანდიელ ბერნჰარდ ტენ ბრინკეს, მეექვსე ეტაპის მიწურულს შეემთხვა. ტენ ბრინკე მერვე ადგილზე იმყოფებოდა, როცა მის „ტოიოტას“ ცეცხლი გაუჩნდა. ბედად, ტენ ბრინკემ და მისმა ბელგიელმა ნავიგატორმა ტომ კოლსულმა სწრაფად დატოვეს ალში გახვეული მანქანა, რომელიც ბოლომდ დაიწვა. არადა, ამ ეკიპაჟს პროლოგი ჰქონდა მოგებული და ის იყო ერთადერთი, რომელმაც „პეჟოს“ დამარცხება (თუნდაც მოკლე დისტანციაზე) შეძლო.
კლასიფიკაცია 7 ეტაპის შემდეგ
- სებასტიან ლოები (საფრანგეთი, პეჟო) 21:46:28
- სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, პეჟო) 2:22
- კარლოს საინსი (ესპანეთი, პეჟო) 4:50
- ნასერ ალ-ატია (ყატარი, მინი) 17:36
- მიკო ჰირვონენი (ფინეთი, მინი) 32:53
- გინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) 33:41
- ლეროი პოულტერი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) 40:19
- იაზიდ ალ-რაჯი (საუდის არაბეთი, ტოიოტა) 42:51
- ვლადმირ ვასილიევი (რუსეთი, ტოიოტა) 53:46
- ემილიანო სპარატო (არგენტინა, რენო) 1:15:45







