დაკარზე გამართულ მე-8, მე-9 და მე-10 ეტაპებზე ლიდერი ორჯერ შეიცვალა, სებასტიან ლოები კი გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მერვე ეტაპზე მას ავარია მოუვიდა და ძლიერ დაამტვრია თავისი „პეჟო“, რის რემონტზეც საათზე მეტი დაკარგა. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს, დებიუტისთანავე დაკარის მოგების შანსი ხელიდან გამოეცალა.
ფრანგს პრობლემები ჯერ კიდევ მერვე ეტაპის შუა დისტანციაზე შეექმნა, როცა დიუნებში გაიჭედა, თუმცა ბუნების ხაფანგს თავი მალე დააღწია და გზა განაგრძო. თუმცა სანამ ფინიშს მიაღწევდა, შეცდა, რასაც მისი მანქანის ამოყირავება მოჰყვა. ლოებმა და მისმა უცვლელმა ნავიგატორმა დანიელ ელენამ მანქანის გარემონტება და რბოლაში დაბრუნება შეძლეს, თუმცა მოგების შანსი მაინც დაკარგეს.
ეტაპი კი ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ მოიგო. დაკარის მოქმედმა ჩემპიონმა პირველმა შეძლო სპეცმონაკვეთებზე „პეჟოს“ არმადის დამარცხება და ლოების უიღბლობის წყალობით, მესამეზე გადაინაცვლა. ლიდერობა კი ლოების თანაგუნდელმა სტეფან პეტერანსელმა გადაიბარა, რომელსაც ორ წუთზე ოდნავ მეტით ჩამორჩებოდა „პეჟოს“ კიდევ ერთი მრბოლი კარლოს საინსი.
თუმცა, მეცხრე ეტაპი სწორედ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მოიგო და კლასიფიკაციასაც სწორედ ის ჩაუდგა სათავეში. ეს ეტაპი ისედაც ერთ-ერთი უმოკლესი იყო, თუმცა ორგანიზატორებმა კიდევ უფრო დაამოკლეს, რადგან რბოლა გაუსაძლის სიცხეში ჩატარდა. მოკლედ, რბოლა მეორე საკონტროლო პუნქტთან შეწყდა. ასეთ შემოკლებულ რბოლაშიც კი, პეტერანსელმა საინსთან 7 წუთზე მეტი წააგო და ლიდრობაც მას გადააბარა, თავად კი მეორეზე გადაინაცვლა. მესამეზე ისევ ალ-ატია დარჩა, რომელიც შეცვლილ ლიდერს ისევ 14 წუთით ჩამორჩება. ლოებმა საინსთან კიდევ ერთი საათი წააგო და ეტაპი მე-18 ადგილზე დაასრულა.
არანაკლებ დრამატული გამოდგა მეათე ეტაპი, რომლის შემდეგაც, ლიდერი ისევ შეიცვალა. თან ამჯერადაც, გამარჯვებისთვის ბრძოლას „პეჟოს“ კიდევ ერთი მრბოლი, საინსი გამოეთიშა. პეტერანსელმა კი დიდი ნაბიჯი გადადგა ტრიუმფისკენ - ის მეორეზე გადასულ ალ-ატიას ზუსტად საათს უგებს. მესამეზე კი „ტოიოტათი“ მოასპარეზე სამხრეთაფრიკელმა გინიელ დე ვილიერსმა გადაინაცვლა.
ჯერ იყო და, ადიდებული მდინარის გამო, სტარტი გადაიდო. მერე კი, სტარტიდან მეექვსე კილომეტრზე, ალ-ატიამ ლოების ტრიუკი გაიმეორა - მისმა „მინიმ“ ყირა შეასრულა.ყატარელმა 52 წუთი დაკარგა, თუმცა რბოლას მაინც დაუბრუნდა. პრობლემები პეტერანსელს, საინსს და მიკო ჰირვონენსაც (მინი) ჰქონდათ, რომლებსაც დიუნებში გზის გაკვლევა გაუჭირდათ. 213-ე კილომეტრზე კი საინსს გადაცემათა კოლოფი გაუტყდა. პეტერანსელმა რომ ფინიშის ხაზი გადაკვეთა, საინსი ორი საათის შემდეგაც არ ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მისთვის რბოლა დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გამარჯვების შანსი აღარ აქვს.







