კალათბურთი

1:40 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი, ფილიპინები და სავარაუდოდ, იტალიაც
ოლიმპიადის კვალიფიკაციისკენ გზა ლატვიას და ხორვატიასაც ეხსნებათ

2016 წლის რიოს ოლიმპიადის კალათბურთის საკვალიფიკაციო ტურნირებს, დიდი ალბათობით, ფილიპინები, სერბეთი და იტალია უმასპინძლებს. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

იტალიური გამოცემის თანახმად, ფილიპინების და სერბეთის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და მალე აპენინელთა განაცხადიც დაკმაყოფილდება.

მცირე ხნის წინ, ფავორიტებში თურქეთიც მოიაზრებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად დასახელდა, მისი საკითხი აღარ განიხილება. სავარაუდოდ, უარს მიიღებენ ჩეხეთი და გერმანიაც.

ფიბა მასპინძელთა ვინაობას ოფიციალურად 19 იანვარს გამოაცხადებს. ისიც ვთქვათ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში 18 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ისინი სამ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან, გამარჯვებულები კი რიოს საგზურებს მიიღებენ.

საკვალიფიკაციო მინი-ტურნირებში, რომელიც 4-10 ივლისს შედგება, საფრანგეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი (ევროპა), კანადა, მექსიკა, პუერტო რიკო (ამერიკა), ანგოლა, ტუნისი, სენეგალი (აფრიკა), ფილიპინები, ირანი, იაპონია (აზია) და ახალი ზელანდია (ოკეანეთი) უკვე გასულები არიან.

წესით, აღნიშნულ 15 ნაკრებს ტურნირების მასპინძელი ქვეყნები უნდა დამატებოდნენ, თუმცა, ვინაიდან სამივე სავარაუდო მასპინძელი შეჯიბრზე უკვე გასულია, რეგლამენტის თანახმად, ამ ნაკრებებს მათივე ფედერაციებიდან მომდევნო საუკეთესო გუნდები უნდა ჩაენაცვლონ.

ამგვარად, კვალიფიკაციაში სერბეთის და იტალიის ნაცვლად, წესით, ლატვია და ხორვატია (ევრობასკეტ-2015-ის მერვე და მეცხრეადგილოსნები) ჩაერთვებიან, ხოლო ფილიპინებს ლიბანი (აზიაბასკეტ-2015-ის მეხუთეადგილოსანი) შეცვლის.

დასასრულ, იმ ნაკრებებზეც, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე უკვე გასულნი არიან. ეს 9 გუნდია: აშშ, ბრაზილია, ავსტრალია, ნიგერია, ვენესუელა, არგენტინა, ესპანეთი, ლიტვა და ჩინეთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174307