ავტოსპორტი

0:45 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება, რომელსაც დასტური სჭირდება...

სტეფან პეტერანსელის გამარჯვებით დასრულდა დაკარის წლევანდელი რბოლა, თუმცა ტრიუმფატორს კიდევ რამდენიმე თვე მოუწევს იმის ლოდინი, რომ მის კარიერაში დაკარის მე-12 ტიტული ოფიციალურად დადასტურდეს. ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ პეტერანსელს თავისი 12 გამარჯვებიდან, 9 მოტობაიკებით აქვს მოპოვებული, სამი კი - ავტომობილებით.

ბოლო, მე-13 ეტაპი, პეტერანსელის თანაგუნდელმა და თანამემამულემ, რალიში ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა მოიგო. ეს მისთვის სადებიუტო დაკარზე მოგებული მეოთხე ეტაპია. პეტერანსელმა ბოლო ეტაპზე საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცა, რისი წყალობითაც, მისმა მთავარმა კონკურენტმა, დაკარის შარშანდელმა გამარჯვებულმა ყატარიდან, ნასერ ალ-ატიამ ჩამორჩენა რამდენიმე წუთით შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონთან მაინც ნახევარ საათზე მეტი წააგო.

პირველ საკონტროლო პუნქტთან ყველაზე სწრაფი მიკო ჰირვონენი იყო, რომელიც ეტაპის უმეტეს ნაწილს ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ლოებმა ტემპი გაზარდა და ფინელი მრბოლიც უკან მოიტოვა. ჰირვონენს იმის შანსი ჰქონდა, რომ სადებიუტო დაკარი მესამე ადგილზე დაესრულებინა. მაგრამ საბოლოოდ სამხრეთაფრიკელ გინიელ დე ვილიერსთან ორწუთნახევარი წააგო.

საბოლოოდ,ალ-ატიამ მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მისმა გუნდმა „X-რაიდმა“ პეტერანსელის გამარჯვება გააპროტესტა... საქმე ისაა, რომ მერვე ეტაპზე, მერვე ეტაპის შუა გზაზე, პეტერანსელმა საწვავი შეივსო. „პეჟოს“ შეფი ბრუნო ფამენი ამბობს, რომ საწვავის შევსების წერტილი საგზაო რუქაზე იყო მითითებული. მაგრამ „X-რაიდის“ შეფი სვენ კვანდტი ირწმუნება, რომ საწვავის შევსება მხოლოდ მოტოციკლებისთვის და კვადროციკლებისთვის იყო ნებადართული.

ამაზე რბოლის ორგანიზატორების პასუხი, ამ ეტაპზე ისაა, რომ სარბოლო რეგლამენტი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და რომ პეტერანსელი არ უნდა დაჯარიმდეს. ასეა თუ ისე, „X-რაიდის“ აპელაციის განხილვა მარტში გაიმართება. არაა გამორიცხული, რომ პეტერანსელმა გამარჯვება დაკარგოს. თუმცა არასასურველი შედეგის შემთხვევაში, აპელაციის აპელირების უფლება „პეჟოსაც“ ექნება...

2016 წლის დაკარის საბოლოო კლასიფიკაცია

  1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, პეჟო) 45:22:10
  2. ნასერ ალ-ატია (ყატარი, მინი) 34:58
  3. გინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) 1:02:47
  4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, მინი) 1:05:18
  5. ლეროი პოულტერი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) 1:30:43
  6. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) 1:41:06
  7. სირილ დესპრე (საფრანგეთი, პეჟო) 1:49:04
  8. ვლადიმირ ვასილიევი (რუსეთი, ტოიოტა) 2:01:45
  9. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, პეჟო) 2:22:09
  10. ჰარი ჰანტი (ბრიტანეთი, მინი) 3:11:30
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17729