“ვალენსიასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა კარლოს მარჩენამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა დღეს განაცხადა.
36 წლის მცველი ხანგრძლივი კარიერის განმალობაში “სევილიაში”, “ბენფიკაში”, “ვალენსიაში”, “ვილიარეალში” და “დეპორტივოში” თამაშობდა. ბოლოს კი, ინდური “კერალა ბლესტერში” და სამოყვარულო ესპანურ კლუბ “ხერენაში” ირიცხებოდა.
მან საკლუბო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას “ვალენსიაში” მიაღწია, რომლის ღირსებასაც 2001-2010 წლებში იცავდა და 319 მატჩში 11 გოლით შეეწია. მან “ღამურების” რიგებში ორჯერ ლა ლიგა, ხოლო თითოჯერ უეფას თასი, უეფას სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო.
სულ მარჩენამ ლა ლიგაში ყველა კლუბის მაისურით 330 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ესპანეთის ნაკრებში კარლოსი 2002-2011 წლებში თამაშობდა და 69 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ის “ფურია როხას” რიგებში 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი.





