მონტე კარლოში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონტმა. ქალაქ სახელმწიფოს შემოგარენში პირველი ეტაპი ჩატარდა და ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა. მას დაძაბული ბრძოლა გაუმართა ბრიტანელმა კრის მიკმა, თუმცა შაბათის პირველივე სპეცმონაკვეთზე „ფოლკსვაგენის“ პილოტმა შეძლო მეტოქის შორს ჩამოტოვება. მერე კი მიკი ლოდს დაეჯახა, რამაც მის „სიტროენზე“ გადაცემათა კოლოფი დააზიანა და ის რბოლას გამოეთიშა.
მიკის გამოთიშვამ, ოჟიე გაწბილებული დატოვა. მან ბრიტანელთან მეტოქეობა, ლოებთან პაექრობას შეადარა. საბოლოოდ, ჩემპიონმა თითქმის ორი წუთით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენს. ოჟიემ სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო, რისთვისაც დამატებით სამქულიანი ბონუსიც დაიმსახურა და გახსნითი ეტაპიდან 28 ქულა წამოიღო.
მიკელსენს დაძაბული ბრძოლა გაუმართა „ფოლკსვაგენის“ კიდევ ერთმა პილოტმა, ფინელმა იარი-მატი ლატვალამ. მესამე ადგილისთვის ბრძოლისას, ლატვალამ შაბათის პირველივე სპეცმონაკვეთზე შეცდომა დაუშვა და ტრასის მიღმა გავარდა. თან მის მანქანაზე საკიდარი დაზიანდა. ფინელმა სცადა ტრასაზე დაბრუნება, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთ მაყურებელს დაეჯახა.
სტუარდებმა რბოლის შემდგომ განიხილეს მოხმდარი და ლატვალას ერთ რბოლაზე პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს - სპორტული რეგლამენტის შესაბამისად, ლატვალა ვალდებული იყო, დაზარალებულის მდგომარეობით დაინტერესებულიყო. შეჯახება დაბალ სიჩქარეზე მოხდა და მაყურებელს ტრავმა არ მიუღია, მაგრამ პილოტმა რეგლამენტი დაარღვია. მართალია, მან თავი იმართლა, მომხდარი ვერ დავინახეო, მაგრამ ჩანაწერის განხილვამ სტიუარდები ამაში ვერ დაარწმუნა.
მიკის და ლატვალას გამოთიშვის შემდეგ, მიკელსენმა მეორეზე გადაინაცვლა. მესამე ადგილი კი ბელგიელმა ტიერი ნოივილმა დაიკავა, რომელმაც რბოლის შემდგომ, თავისი „ჰიუნდაის“ ცუდი მართვადობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემები მის ესპანელ თანაგუნდელ დანი სორდოსაც ჰქონდა.
მონტე კარლოს რალის შედეგები:
- სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 3:49:53.1
- ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 1:54.5
- ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 3:17.9
- მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 4:47.7
- სტეფან ლეფებვრი (საფრანგეთი, სიტროენი) 7:35.6
- დანი სორდო (ესპანთი, ჰიუნდაი) 10:35.5
- ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 11:39.9
- ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 18:30.8
- ესაპეკა ლაპი (ფინეთი, შკოდა) 20:41.0
- არმინ კრემერი (გერმანია, შკოდა) 20:43.9









