ქართველი ეტლით მოფარიკავეები მომავალი ზაფხულის პარაოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებენ. ჩვენი პარამოფარიკავეთა ნაკრებისთვის წლის პირველ სალიცენზიო შეჯიბრება 10-14 თებერვალს უნგრეთის ქალაქ ეგერში გასამართი მსოფლიო თასი იქნება.
ქართული გუნდი აღნიშნული პირველობისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ნაკრებმა ვარჯიში თბილისში დაიწყო, თუმცა 31 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ეროვნული გუნდი დასკვნით შეკრებას პოლონეთში გამართავს.
ნაკრები, რომლის ლიდერიც გასული წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი, უმსხვილესი ნავთობკონცერნ BP-ს ერთ-ერთი ელჩი – ირმა ხეცურიანია, პოლონეთში გამგზავრებამდე ღია ვარჯიშს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, არსებულ მერიის სპორტულ ცენტრში (ძიუდოს აკადემიის გვერდით) გამართავს.







