„ფიატ კრაისლერის“ შეფი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ მას სურს, „ალფა რომეო“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატს, საკუთარი გუნდით დაუბრუნდეს, რაც ბრენდის იმიჯს დადებით ბიძგს მისცემს. „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას, მარკიონემ პირდაპირ განაცხადა, რომ „ალფა რომეოსთვის“ მოტორსპორტის ერთადერთ სახეობად სწორედ ფ1 ესახება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გასული სეზონის ბოლოს, მარკიონემ „რედ ბულს“ „ფერარის“ გასული სეზონის ძრავი, სწორედ „ალფა რომეოს“ ბრენდით შესთავაზა. მაგრამ მილტონ კინსელებმა ისევ „რენოსთან“ თანამშრომლობის გაგრძელება არჩიეს. ამის შემდეგ მარკიონემ მიდგომა შეცვალა და ახლა სურს, რომ მილანური კომპანია ფ1-ში საკუთარი გუნდით დაბრუნდეს.
„ალფა რომეოს აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი შასი აწარმოოს, ისევე როგორც აქვს საკუთარი ძრავის წარმოების უნარი“, - „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა მარკიონემ. მან ასევე თქვა, რომ ამ საქმეში, „ალფა რომეო“ მჭიდროდ ითანამშრომლებს „ფერარისთან“, რომლის აქციონერების შემდეგაც, „ფიატ კრაისლერს“ აქციების საკონტროლო პაკეტი დარჩა.







